აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, პროკურატურას არ სურს მისი საქმის გამოძიება, რადგან ფიქრობს, რომ მისი გატაცების შესახებ ინფორმაცია ისედაც ყველას აქვს. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მსგავსი ბრძანების შესრულება არ შეეძლო, ვინაიდან ის „უბრალო ფიგურაა“ და ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი მართავს. შესაბამისად, მუხთარლის განცხადებით, მისი საქმეც უშუალოდ ივანიშვილის ბრძანებით შესრულდა.
“პროკურატურას არ სურს ამ საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, პროკურატურამაც და ყველამ იცის ვინც მომიპარა, ეს გააკეთა ხელისუფლებამ. გიორგი კვირიკაშვილს ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეეძლო, ის უბრალოდ ფიგურაა, ქვეყანას მართავს ივანიშვილი და ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბრძანება”, – განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე აფგან მუხთარლიმ.
ჟურნალისტმა გუშინდელი დაკითხვის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ პროცესზე სერიოზული კითხვები არ ყოფილა, რადგან უწყებას აზერბაიჯანელი თარჯიმანი არ ჰყავდა და შესაბამისად, მხარემ გამოკითხვაზე უარი განაცხადა.
„გუშინ პროკურატურამ მოიყვანა ორი მთარგმნელი, თუმცა მათ იცოდნენ მხოლოდ თურქული ენა, არ იცოდნენ აზერბაიჯანული და ამ ენებს შორის დიდი განსხვავებაა. ამიტომ გამოკითხვაზე უარი განვაცხადეთ. გუშინდელ პროცესზე რაიმე სერიოზული კითხვები არ ყოფილა. გამოკითხვა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა, მკითხეს, სად მომიპარეს და როგორ დამესხნენ თავს საღამოს. პროკურატურიდან დაგვირეკეს, რომ ახალი მთარგმნელი იპოვეს, ჩვენც ჩვენი მხრიდან ვიპოვეთ და მოვიყვანეთ მთარგმნელი.
მე მანამდეც ბერლინში მივეცი ჩვენება, სადაც დავასახელე ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია, გამშვები პუნქტის უფროსი თუ სხვა. დღესაც მექნება მსგავსი ჩვენება,” – აღნიშნა მუხთარლიმ.
მისივე ინფორმაციით, პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ, საგამოძიებო ექსპერიმენტი გაიმართება, რომლითაც ის გამომძიებლებს მისი გაუჩინარების ადგილს უჩვენებს.
აფგან მუხთარლი ამბობს, რომ პროკურატურას ჩვენება ვერ მისცა, რადგან თარჯიმანი არ ჰყავდათ