პროკურატურამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
„2020 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ., რომლებიც გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, შპს „ზღვის ჰოსპიტალს“ დაესხნენ თავს, რა დროსაც იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს. რ.ლ.-მ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თავდამსხმელებმა სამი გასროლა განახორციელეს, მათ შორის ვ.ნ-მ ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოკვლის განზრახვით, რ.ლ-ს მიმართულებით გაისროლა, თუმცა დაზარალებულს ტყვია ასცდა და მან გაქცევა და დამალვა შეძლო.
აღნიშნულის შემდეგ ორივე თავდამსხმელმა ჰოსპიტალის მიმღებში შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სალაროში არსებულ 3 559 ლარს და გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა 2020 წლის 3 დეკემბერს ი.წ გურჯაანის რაიონში, ხოლო გ.ჯ და ვ.ნ დუშეთის რაიონში დააკავეს. გ. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით 0,502 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს.
ი.წ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) და სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღება) წარედგინა, ვ.ნ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით), ხოლო გ.ჯ-ს 25-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარემ სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნავენ უწყებაში.