LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი და განყოფილების ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მისცა

37
პროკურატურა

პროკურატურამ პატიმრის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 2012 წლამდე პერიოდში მომხდარ ფაქტზე. საქმე ეხება პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალებას და ამ ფაქტის გამოძიებაში გამოვლენილ დარღვევებს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე ვალდებულება აიღო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, 2015 წლის 24 ნოემბერს, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვას გულისხმობს:

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წელს, N6 დაწესებულების დირექტორმა დ.მ.-მ და უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ჯ.ი.-მ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ, მსჯავრდებულ კახაბერ თედლიაშვილს ხელოვნურად შეუქმნეს პირობები, რათა მსჯავრდებული იძულებით დათანხმებოდა ადმინისტრაციასთან საიდუმლო თანამშრომლობას, რომელზეც უარის თქმის შემთხვევაში, მას დაწესებულებაში ხმების გავრცელებით ემუქრებოდნენ, თითქოს კ.თედლიაშვილი იყო ადმინისტრაციის საიდუმლო თანამშრომელი.” – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, უკანონო მეთოდებით და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, ბრალდებულებმა კახაბერ თედლიაშვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით ჩამოართვეს ხელწერილი დაწესებულების ადმინისტრაციასთან საიდუმლო თანამშრომლობის თაობაზე:

“მიუხედავად აღნიშნულისა, კახაბერ თედლიაშვილი არ თანამშრომლობდა ადმინისტრაციასთან და არ აწვდიდა მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, რის გამოც, 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზემოხსენებული თანამშრომლები უკანონო მეთოდებით და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდნენ.

მას შემდეგ, რაც საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული სხვა პატიმრებისთვის ცნობილი გახდა მსჯავრდებულის ადმინისტრაციასთან ვითომდა საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ, კახაბერ თედლიაშვილმა დაწესებულების დირექტორისა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ, 2011 წლის აპრილში სახალხო დამცველის აპარატს და ასევე სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით აცნობა. 2011 წლის 8 აპრილს, კ. თედლიაშვილმა ასევე წერილობითი განცხადებით მიმართა დაწესებულების დირექტორს და აცნობა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც მოითხოვა სხვა მსჯავრდებულებისგან იზოლაცია და სამარტოო საკანში მოთავსება.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კ.თედლიაშვილი მოთავსებული იყო სამარტოო საკანში, დ.მ-სა და ჯ.ი.-ს მიერ სამსახურებრივი მოვალეობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო, არ გატარებულა მსჯავრდებულის პირადი უსაფრთხოების დაცვის ეფექტური ღონისძიებები, კერძოდ, არ შეცვლილა დღის წესრიგი, რეჟიმი და არ გაძლიერებულა მსჯავრდებულზე მეთვალყურეობა.

“სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებულის მიმართ გატარებული არაჯეროვანი ღონისძიებების შედეგად, 2011 წლის 19 აპრილს, კ.თედლიაშვილმა, სხეულზე ნასერი ჭრილობები მიიყენა.

აღნიშნული ინცინდენტის შემდგომ, ცხადი იყო, რომ კახაბერ თედლიაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც მესამე პირებისგან, ასევე საკუთარი ქმედებებითაც. ხსენებული გარემოების მიუხედავად, დაწესებულების დირექტორი და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, აგრძელებდნენ რა გულგრილ დამოკიდებულებას საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის მიმართ, კვლავ არ შეცვალეს დღის წესრიგი და რეჟიმი მომეტებული საფრთხის მქონე მსჯავრდებულის მიმართ და არ მიიღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა დამატებითი ეფექტური ღონისძიებები კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში.

2011 წლის 30 აპრილს, კახაბერ თედლიაშვილი საკანში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს”.

ბრალდებულებს 2021 წლის 30 ივნისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდება წარედგინათ, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის უფლებების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; ასევე მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი დ.მ. არ იმყოფება საქართველოში და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, ბრალდების შესახებ დადგენილება კანონით დადგენილი წესით მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გადაეცემა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მოცემული ეტაპისთვის, საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოძიებას 34 სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებს.

გაწეული მუშაობის შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, სისხლისსამართლებრივი დევნა 39 პირის მიმართ დაიწყო.

როგორც უწყებაში ამბობენ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, ყველა აღნიშნული კატეგორიის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები