საქართველოს პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებებს უკვე მიაწოდა დოკუმენტაცია საერთაშორისო ძებნაში მყოფი მეგის ქარდავას ექსტრადიციის თაობაზე.
როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო, ძებნილი პირის დაკავებიდან 40 დღეში ამოწმებს, მიღებულია თუ არა ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნიდან შესაბამისი საექსტრადიციო დოკუმენტაცია.
„საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში უკვე გადაგზავნილია დოკუმენტაცია საერთაშორისო ძებნაში მყოფი მეგის ქარდავას ექსტრადიციის თაობაზე. ძებნილი პირის დაკავების შემთხვევაში, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, ადგილობრივი კომპეტენტური სასამართლო დაკავებიდან 40 დღეში ამოწმებს, მიღებულია თუ არა ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნიდან შესაბამისი საექსტრადიციო დოკუმენტაცია. ვინაიდან საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული მასალები უკვე მიაწოდა უკრაინულ მხარეს, ადგილობრივი სასამართლო სწორედ ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტს ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობის გაგრძელების საკითხს,“ – აცხადებენ პროკურატურაში.