LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

56

პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უწყებამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

”საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14 საათსა და 15 წუთზე გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი “ოპელ-ასტრას” მოდელის ავტომანქანით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები – ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი. გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი. საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა” – აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ ზემოაღნიშნულ გარემოებას. გამოძიების მიერ მოპოვებულია ვიდეოჩანაწერი, რომელზეც დაფიქსირებულია ჩადენილი დანაშაული, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, კომპლექსური ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები