საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვან შვილებზე ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ოჯახური ძალადობის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას და განვმარტოთ, რომ საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, რა დროსაც მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.
მას ბრალდება 2022 წლის 18 ნოემბერს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ძალადობა ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ -4 ეპიზოდი).
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, პროკურატურა განმარტებებს აკეთებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო მასალის შესახებ, სადაც არასრულწლოვან ბავშვზე ძალადობაა ასახული.
„რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერებს, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ძალადობრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია მოიპოვება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ფაქტი ჩადენილია უცხო ქვეყანაში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ასევე უცხო ქვეყნის არასრულწლოვანი მოქალაქის მიმართ,რაზეც არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლებრივი იურისდიქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.