LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა: სააკაშვილის საქმის ფარგლებში, ადვოკატებს 20 ოქტომბერს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს, როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეო-მასალა

121
პროკურატურა

პროკურატურა მედიაში გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზე განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილის საქმის ფარგლებში, ადვოკატებს 20 ოქტომბერს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეო-მასალა.

„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ, 21 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების თაობაზე გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის, ე.ც.-ს და გ.ნ-ს ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გადაეცათ საქმის მასალები, რომელსაც ნივთიერი მტკიცებულებების სახით თან დართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას.

ასევე, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი სხვა ვიდეო ჩანაწერებთან ერთად, გამოძიებამ საწყის ეტაპზევე მოიპოვა და თუ საქართველოს პროკურატურა საჭიროდ ჩათვლიდა ამ ჩანაწერების როგორც მტკიცებულებების გასაჯაროებას, აღნიშნულს ბრიფინგის დღესვე ოფიციალურად გააკეთებდა, რადგან მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებაზე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა.

მივიჩნევთ, რომ დღეს გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები და ფაქტების დამახინჯება ემსახურება პროკურატურის დისკრედიტაციის და მიზანმიმართული გადაბრალების მცდელობას.

აქვე, დავძენთ, რომ ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით, ევროპული და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო: ეს არის მოტაცება, არ ვიცი, რომელი სპეცსამსახურებიდან ვინ უწყობდა ხელს, არც ვიცი, სად მივყავარ – სააკაშვილი