21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიული დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
თარიღი პირველი ქართული გაზეთის დაარსებას უკავშირდება, რომელსაც თავდაპირველად „საქართველოს გაზეთი“, შემდეგ კი „ქართული გაზეთი“ ეწოდებოდა. “საქართველოს გაზეთის” პირველი ნომერი ძველი სტილით 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით კი 21 მარტს გამოიცა.
ჟურნალისტიკა, ზოგისთვის პროფესიაა, საყვარელი საქმე, ცხოვრების წესი და უბრალოდ საქმე, რომლის კეთების დროსაც ირგვლივ ყველაფერი გავიწყდება. ზოგისთვის ჟურნალისტიკა დღე-ღამეში 24 საათია დ კვირაში 7 დღე. ამბობენ, ჟურნალისტს სქესი არ აქვს და ეს პროფესია დაუფასებელიაო, თუმცა ისეთებიც არიან, ვინც ამტკიცებს, რომ თუ შენს საქმეს კეთილსინდისიერად მოეკიდები, აუცილებლად დაფასდება.
„ფორტუნამ“ გადაწყვიტა დღეს მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტებისთვის ეკითხა, რა არის მათთვის ჟურნალისტიკა, რა აკლია და რას უსურვებდნენ ისინი ქართულ ჟურნალისტიკასა და ქართველ ჟურნალისტებს:
ქეთევან ქარდავა („საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სპეციალური კორესპონდენტი ბრიუსელში):
– ჩემთვის ჟურნალისტიკა ანუ ის პროფესია, რომელსაც ვემსახურები, არის ყველაფერი. ეს არის საქმე, რომლისთვისაც შემიძლია ყველაფერი გავიღო. ჩემი და ტელევიზიის ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მშობლები მუშაობდნენ ტელევიზიაში, პატარაობიდან მქონდა შეხება ამ სამყაროსთან. 6 წლის ასაკში უკვე რადიოში გადაცემაში ვიღებდი მონაწილეობას, შემდეგ იყო „მეორე არხი“, „პირველი არხი“, „რუსთავი 2“ და ისევ „პირველი არხი“. ეს არის პროფესია, რომელსაც არ აფასებენ, განსაკუთრებით საქართველოში – ამას ვამბობთ ხშირად, თუმცა ეს ასე არაა. მიმაჩნია, რომ როცა შენ აფასებ შენ საქმეს და პასუხისმგებლობით ეკიდები და ამისთვის აკეთებ ყველაფერს, შენი საქმეც აუცილებლად დაგაფასებს. მე ეს საკუთარ თავზე არაერთხელ გამომიცდია. ქართველ ჟურნალისტებს ვუსურვებ გარემოს, სადაც ისინი შეძლებენ, ანუ ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, ვიმუშაოთ დამოუკიდებლად, თავისუფლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე და ეს არის საუკეთესო, რაც შემიძლია ვუსურვო. ასევე, ვუსურვებ პროფესიონალიზმს, რაც აკლია ქართულ მედიას და ამ საქმისთვის გაზრდილ ადამიანებს.
გურამ როგავა („საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტი):
– ჟურნალისტიკა, ჩემთვის პირველ რიგში არის კეთილსინდისიერება და სურვილი იყო მაქსიმალურად სანდო. იმიტომ, რომ შენი მთავარი მისია არის ინფორმაციის გავრცელება. თუმცა, დღეს სამწუხაროდ, ჩვენს საუკუნეში, მარტივია ინფორმაციის გავრცელება და მანიპულაციების გამოყენებით ჟურნალისტიკას ბევრი ბოროტად იყენებს. ვისურვებდი, რომ ყველა ჟურნალისტს გვქონდეს კეთილსინდისიერება. ზოგჯერ ძალიან უხეშად ხდება ფაქტებით მანიპულირება, პროპაგანდის მეთოდების გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის, რომელიც კეთილსინდისიერებასთან კავშირში არ არის.
გიორგი მანჯავიძე („საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გადაცემა „ახალი კვირის“ კორესპოდენტი):
– ჩემთვის ჟურნალისტიკა არანორმალურობა და სიგიჟეა. 2004 წლიდან ჟურნალსიტიკაში ვარ. ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის. შენ ხარ ადამიანებისთვის იმედი. შენგან ელოდებიან იმის გაგებას, რასაც თავად ვერ ახერხებენ. ჩემს კოლეგებს ვუსურვებ ყველა მასალა ბოლომდე მოეპოვებინოთ.
თეა სიჭინავა (ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი):
– 2003 წლიდან ამ სფეროში ვარ. ისე, პროფესიით ფილოლოგი ვარ. იმდენად ჩემი ყოველდღიურობისა და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სხვაგან ვერც წარმომედგინა თავი. ჩემთვის ჟურნალისტიკა არის ცხოვრების განუყოფელი წესი, ყოველდღიურობის ყველაზე დიდ ნაწილს ვატარებ ჩემს პროფესიაში, სამსახურში. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ ჩვენს პროფესიაში იდეალურები ვართ, უნდა ვიყოთ კრიტიკულები და უნდა ვთქვათ, რომ გვაკლია ბევრი რამ. საკუთარ თავზეც ამას ვიტყვი. სივრცე უნდა იყოს იმისთვის, რომ იმუშაო თავისუფლად, დანარჩენი კი ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.
ვახო სანაია (ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „პირველების“ წამყვანი):
– ჩემთვის ჟურნალისტიკა არის ცხოვრების წესი, ჩემი ცხოვრების მთელი 24 საათი. აგერ უკვე 15 წელია უშუალოდ ვარ ჩართული ყველა იმ პროცესში, რაც ხდება ქვეყანაში და მანამდეც ჩემი ოჯახიდან გამომდინარე მქონდა შეხება. ვერ წარმომიდგენია, როგორი უნდა იყოს დილა, რომელიც გათენდება და მე ჟურნალისტიკასთან არ მექნება შეხება. ვფიქრობ, რომ ქართული ჟურნალისტიკა არ არის დაბალ დონეზე, ძალიან განვითარდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მე ვუსურვებ უფრო მეტ განვითარებას, მეტი წარმატებისთვის მიეღწიოს. უფრო განვითარდეს და ფეხი აუწყოს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.
ეკა გაზდელიანი (ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტი):
– ქართულ ჟურნალისტიკაში ფეხი პირველად 2009 წელს შემოვდგი, სტუნდენტობისას. მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა, რა იყო ჟურნალისტიკა, რა მინდოდა, რას ვიბრძოდი და რატომ. მას შემდეგ – საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოურ, დაჟანგებულ კიბეებს შორის (რამაც ნამდვილად იმედი გამიცრუა) სირბილიდან უკვე მეცხრე წელი გავიდა და მე ისევ აქ ვარ, ჩემს ჟურნალისტიკაში და არსად არ ვაპირებ წასვლას. მიხარია, რომ ეს საქმე ავირჩიე და ვერც კი წარმომიდგენია, სხვა რა შეიძლება მეკეთებინა და როგორ.
დღეს ქართულ ჟურნალისტიკაში ბევრი გამოწვევა და პრობლემაა. ეს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური ფაქტორებითაა განპირობებული. ვიცით, რომ ჟურნალისტების მისამართით შენიშვნები ბევრია – ობიექტურობის, სიზუსტისა და კომპეტენტურობის მიმართულებით. ვიცით, რომ ხშირად მართლა გვეშლება, მაგრამ ისიც ვიცით, რომ შეცდომებს არ უშვებს ის, ვინც არაფერს არ აკეთებს. დასანანია, რომ ზოგჯერ ჟურნალისტიკა და ჟურნალისტები ზოგიერთი პოლიტიკოსისა თუ თანამდებობის პირის მხრიდან „განტევების ვაცად“ იქცევა ხოლმე – ძალიან მარტივი და „მოდურია“ შენი შეცდომა ჟურნალისტებს დააბრალო.
ამის მიუხედავად, დღეს ქართულ ჟურნალისტიკაში მთავარი პრობლემა მაინც მგონია, რომ მედიასაშუალებების პოლარიზაციაა, და კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებთან ამ თუ მედიაორგანიზაციის ასოცირება. სამწუხაროდ, ამას ვერ გავექცევით, სანამ მედიასაშუალებებს საკუთარი, დამოუკიდებელი შემოსავლები არ გაუჩნდებათ, სარედაქციო დამოუკიდებლობას არ მოიპოვებენ და პოლიტიკური ინტერესების გატარებისგან შორს იქნებიან. მცირე მედიაბაზრის პირობებში ეს ძალიან რთულია, თუმცა არა მიუღწეველი. მედიადამოუკიდებლობა, ჟურნალისტური ეთიკა, მიუკერძოებლობა – სწორედ ამისკენ მივდივართ დღეს და იმედი მაქვს, მივაღწევთ კიდეც.
ჩემს კოლეგებს, ჟურნლისტებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ვისურვებდი (და საკუთარ თავსაც ვუსურვებდი) მეტ პროფესიონალიზმს, ობიექტურობას, სიზუსტეს, ეთიკის სტანდარტების დაცვას, ობიექტურობას, შესაფერის ანაზღაურებას და რა თქმა უნდა, ჯანსაღ საზოგადოებას, სადაც არავის მოუნდება ჟურნალისტის ცემა, დასჯა ან მედიასაშუალების დახურვა – მხოლოდ იმიტომ რომ გამოთქმულ აზრს არ ეთანხმება.
დაჩი გრძელიშვილი (ჟურნალისტი):
– ის, რაც ჟურნალისტიკას აკლია, ეს არის სიღრმისეული ცოდნა და მოვლენების გაშუქება. ზედაპირულია რაღაცნაირად ქართული ჟურნალსიტიკა. თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ დროთა განმავლობაში ესეც შეიცვლება. ჩემთვის ჟურნალისტიკა იყო და არის ფაქტების პირუთვნელი გადმოცემა საზოგადოების ინფორმირების საშუალებად.
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“
ულოცავს მის კოლექტივსა და ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს.
ქეთი გიგოლაშვილი