LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტებს ”სტარტაპ საქართველოდან” „სილიკონ ველის“ ექსპერტები შეარჩევენ

92

„სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფინალისტებისთვის ერთკვირიანი ტრენინგები დაიწყო.

მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალში გადასულ 51 მონაწილეს ფიჩინგისა და პრეზენტაციების უნარების დახვეწას, ვენჩერულ ინვესტორებთან თანამშრომლობას, „სილიკონ ველის“ პრინციპების გაცნობას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბაზარს, სტარტაპის განვითარების პერსპექტივებს და  დამწყები ბიზნესების მოდულებს „სილიკონის ველის“ ექსპერტები შეასწავლიან. ტრენინგების გავლის შემდეგ ფინალისტები საკუთარი ბიზნესპროექტების პრეზენტაციებით უკვე ვენჩერული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან.

„ორი თვის წინ დავიწყეთ საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ”სტარტაპ საქართველო“, სადაც განაცხადებს ვიღებდით როგორც ინოვაციური, ასევე მაღალტექნოლოგიური ინოვაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, 700-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის, 140-ზე მეტი იყო მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური განაცხადი. აქედან მეორე ეტაპი გადალახა 51-მა პროექტმა. იმისთვის, რომ ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობები შექმნილიყო, ამერიკიდან მოვიწვიეთ ტრენერთა ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ფინალისტებს, სწორად მოემზადონ ინვესტორებთან წარდგენისთვის“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტების განაცხადებს აფასებს ჟიური, რომელიც შედგება „სილიკონ ველის“ წარმომადგენელი ექსპერტებისგან – მათი ძირითადი ამოცანაა პროექტებში ნახონ გლობალური განვითარების პოტენციალი, შეარჩიონ პროექტები, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიო ბაზარზე კომერციალიზაცია და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ინვესტიციის მოზიდვა.

22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ფინალური ეტაპი, როდესაც ჟიურის წევრები ინვესტორებთან ერთად საბოლოო პრეზენტაციებს მოისმენენ და შესაბამისად, გამარჯვებულებს გამოავლენენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ამ  ეტაპზე შეირჩა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტები, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ გლობალურ ბაზარზე. რაც შეეხება პროექტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ ფინალში და ასევე ქართულ ბაზარზე ორიენტირებულ სხვა პროექტებს, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც ხელს შეუწყობს და დაეხმარება მათ  შემდგომ განვითარებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები