საქართველოს მთვარობამ 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მოსახლეობა მოსალოდნელმა შეზღუდვებმა “შეაშინა” და პანიკის პირველი ნიშნები დიდ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში გამოავლინეს. ყველა აშუქებდა იმ ვიდეო თუ ფოტომასალას, რაც სასურსათო მაღაზიებში ხდებოდა. მოქალაქეებმა მოიმარაგეს საკვები და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები. მიუხედავად შესაბამისი უწყებების წარმომადგენლბის გაფრთხილებისა, რომ დახლების დაცარიელების საფრთხე არ არსებობდა, მოქალაქეებმა წინდახედულობა მაინც გამოიჩინეს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეორე კვირის დასასრულს კი მარაგმა კლება დაიწყო, მოქალაქეებმა კი ისევ უბნის მაღაზიებს “ნისიაზე” მიაკითხეს.
“გაჩნდა პანიკა და ირბინეს დიდ მაღაზიებში. მაშინ ჩემთან არავინ არ შემოსულა. იყიდეს და მოიმარაგეს ვითომ პროდუქტი. ახლა კი ეტყობა გამოელიათ. მოვიდნენ ისევ ნისიაზე, არიქა ნათელა დეიდა დაგვეხმარეო. დავეხმარები აბა რას ვიზამ, მაგრამ მე ეს 2 კვირა როგორ ვამუშავე მაღაზია ვინმემ იკითხა? გაჭირვებით და ცოდვით. კაციშვილი არ შემოდიოდა. მხოლოდ პური მიჰქონდათ. ახლა პურიც უნდათ და მისაყოლებელიც. მარტო მე კი არ ვარ ამ დღეში. გახედეთ უბანში რამდენი მაღაზია იყო და უმრავლესობა დაიკეტა. არ იყიდებოდა არაფერი და გადასახადები კი მაინც გადასახდელი ქონდათ. ეს ფართი ჩემი რომ არ იყოს, მეც ვერ გადავიხდიდი ალბათ ვერც ქირას და ვერც სხვა გადასახადს. დავკეტავდი მეც. ხვალ და ზეგ უფრო მეტი მოვა ნისიაზე, მაგრამ აგერ კარებზე მივაწერ, რომ “ნისიაზე იარეთ კარფურშითქო” – დიღმის მასივის ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ნათელა ხელაძე.
“ფორტუნასთან” საუბარში ქალბატონმა ნათელამ განმარტა, რომ ყავს მხოლოდ ერთი თანამშრომელი, რომელიც სხვა უბანში ცხოვრობს, ამიტომ სამუშაო საათი შეუმცირა, ხელფასი კი იგივე დაუტოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 21:00 საათიდან 6:00 საათამდე კომენდანტის საათია გამოცხადებული.