LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროდიჯის“ კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია – მსმენელს თავბრუდამხვევი შოუ ელოდება!..

47

Ardaidardo.Ge

ჯაზფესტივალის კიდევ ერთი სინტერესო ღონისძიება მსმენელსა და მაყურებელს დღეს ელოდება. 12-კაციანი ტექნიკური ჯგუფი უკვე ბათუმშია და ჩოგბურთის კორტებზე დამატებით ერთი თვითმფრინავით ჩამოტანილი აპარატურა მონტაჟდება. გავრცელდა ფოტოები, სადაც მზადებაა ასახული. თავად ჯგუფი „The Prodigy“, ბათუმში ცოტა გვიან ჩამოვა, თუმცა ყველაფერი გამზადებული დახვდებათ.


„The Prodigy“ ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფია, რომელიც ლიამ ჰოულეტმა 1990 წელს დააფუძნა და ამ ჟანრში სრულიად ახალი სიტყვაც თქვა. „ემთივის“ თაობას ძალიან კარგად ახსოვს ჯგუფი და მისი გავლენა იმდროინდელ მუსიკალურ სამყაროზე. ელექტრონული მუსიკის კონკრეტულ მიმდინარეობაში, „Chemical Brothers“-თან, „Fatboy Slim“-თან და „The Crystal Method“-თან ერთად, „პროდიჯიც“ პიონერია. ჯგუფს მსოფლიოში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, მიღებული აქვს უამრავი მუსიკალური ჯილდო, მათ შორის „გრემის“ ორი ნომინაცია.

რაც შეეხება მუსიკალურ სტილს, „პროდიჯის“ მუსიკა ლავირებს Rave-ში, Hardcore Techno-ში, Electro industrial-ში და ა.შ.

ამჟამად ჯგუფს ევროპული ტურნე აქვს, რომელშიც საქართველოც მოხვდა. ბათუმის ჯაზფესტივალზე ისინი ისეთი პერფორმანსით გამოდიან, რომლის მსგავსიც საქართველოში არ ჩატარებულა. როგორც „ისტერნ პრომოუშენსში“ გვითხრეს, ტექნიკურად შოუ ძალიან გამართული იქნება, გარდა ეფექტებისა, მუსიკოსები სცენაზე ცოცხლად იმუშავებენ.

„პროდიჯის“ კონცერტისადმი ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. გუშინწინ ბილეთების გაყიდვა შეჩერდა, ვინაიდან ჩოგბურთის კორტებზე დღევანდელ საღამოზე დასასწრებად 6000 ადამიანი შეიკრიბება. ბილეთს ამ ღონისძიებაზე უკვე ვეღარ შეიძენთ.

ღონისძიებაზე კარი საღამოს რვა საათზე გაიხსნება.


ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები