LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროცესი არაჯანსაღია, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი – არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობას გასაუბრების შედეგად ღირსეული, კვალიფიციური და  კეთილსინდისიერი კანდიდატის შერჩევა სურს: ნაზი ჯანეზაშვილი 

57
ნაზი ჯანეზაშვილი

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ნაზი ჯანეზაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც დღეს, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ომბუდსმენის კანდიდატურის შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ამას კანონი არ ავალდებულებს და მისივე თქმით, გასაუბრების პროცესზე პარლამენტში სრულიად აბსტრაქტულ თემებზე მსჯელობდნენ.

ჯანეზაშვილის განმარტებით, „გასაუბრების პროცესმა მას არ დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობას ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კანდიდატის შერჩევა სურს“.

ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობს ინტერესთა კონფლიქტზეც, რომელიც ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან, სხვა კანდიდატებისთვის, დეპუტატის მანდატით კითხვების დასმაში გამოიხატება.

„პარლამენტის მოქმედ წევრს აყენებენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში.. ეს არის ერთგვარი შოუ“ – ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა არც ომბუდსმენობის შესარჩევ გასაუბრებაში მიიღებს მონაწილეობას

„უშუალოდ გასაუბრების პროცესი ჩემთვის მნიშვნელოვანია. პირველი საკითხი, რამაც განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება, მდგომარეობს იმაში, რომ მთლიანად გასაუბრების პროცესმა არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობას ნამდვილად სურს გასაუბრების შედეგად ღირსეული, კვალიფიციური და  კეთილსინდისიერი კანდიდატი. საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახეთ, რომ ახსნა-განმარტებებს ითხოვდნენ კანდიდატების მხრიდან და ფორმატი არ იძლეოდა საშუალებას, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატების სამომავლო ხედვებზე და უფრო ფართო საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა ჰქონოდა.

უმრავლესობა ითხოვს, რომ პოლიტიზებული არ იყოს კანდიდატი, რაც ნორმალურია, რადგან მიუკერძოებლობის მოლოდინი თუ გვაქვს სახალხო დამცველისგან ეს აუცილებელი საკითხია, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ დავინახეთ მათი ორმაგი სტანდარტი. როდესაც პარლამენტის მოქმედი წევრი არის ომბუდსმენობის კანდიდატი და პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, სათანადო შეფასება ამ ფაქტს არ მისცემია. გარდა ამისა, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი, რადგან ის ჩააყენეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში დასვა კითხვები ომბუდსმენობის კანდიდატებთან, გადაწყვეტილებასაც მიიღებს კანდიდატებთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, რომ ეს არ შეესაბამება სტანდარტს.

გუშინ, საღამოს მივიღე შეტყობინება პარლამენტისგან, რამაც დამარწმუნა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. გვთავაზობდნენ კანდიდატებს, რომ მივსულიყავით, იაგო ხვიჩიას გასაუბრებაზე და დაგვესვა კითხვები. რა პროცედურაა ეს? რას ემსახურება და რა სტანდარტია? არ ვიცი, მსგავსი არაფერი გამიგია. წარმოუდგენელი ფაქტია, რომ ერთი კანდიდატისთვის კითხვების დასასმელად, სხვა კანდიდატები დაიბარო, რომ კითხვები დაუსვან და სხვა შემთხვევაში ასეთი, რამ არ მომხდარა. თუ დებატებს უნდა დამსგავსებოდა ეს პროცესი, მაშინ სხვა რამე შემოეთავაზებინათ. როგორც ჩანს, თავადაც არ არიან მოტივირებულები, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი.

ჩემი შემთხვევა კიდევ სხვა არის, რადგან სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვიყავი და დღეს ალუდა ღუდუშაურმა ბრიფინგი ჩაატარა, სადაც პირდაპირ შეეხო ჩემს ამჟამინდელ საქმიანობას, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება სახალხო დამცველის კანდიდატურას, რადგან ჩვენ გვაქვს სასამართლო პროცესების მონიტორინგი და ღუდუშაურმა თქვა, რომ მე არ მაქვს მორალური უფლება, რომ სასამართლო პროცესების მონიტორინგი განვახორციელო. რატომ? იმიტომ, რომ არ მივედი გასაუბრებაზე. ეს წარმოუდგენელი რაღაცაა. ფაქტობრივად, ის ენა, რაც ჩემთან მიმართებაში გამოიყენა, ჩანს, რომ ჩემს მიმართ მტრულად არის განწყობილი. მე რომ იქ მივსულიყავი, ის შეეცდებოდა ანალოგიური ეპითეტებით ჩემთან დაკავშირებით საუბარს.

რასაც მე 4 წელი ვისმენდი ეგრეთ წოდებული კლანისგან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და რა სიტყვებითაც ისინი ჩემს შესახებ საუბრობდნენ, ეს მოვისმინე მე დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ალუდა ღუდუშაურის მეშვეობით და სამწუხაროდ, რატი იონათამიშვილიც მას აჰყვა, რაც გულსატკენია. არანაირად არ უნა უკავშირდებოდეს პარლამენტი და კლანი ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ამიტომ ჰყავთ ასეთი წევრები, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე შესაბამისი განცხადებები გააკეთონ და ნაბიჯები გადადგან.

ამბობდნენ, რომ სჯობდა მივსულიყავი და ტრიბუნა გამომეყენებინა, სადაც ჩემს სათქმელს ვიტყოდი. მე არ ვფიქრობ, რომ პარლამენტის ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, რადგან თუ რამის თქმა გვინდა, ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია დავგდეთ და ვისაუბროთ.

ნაკლებად მგონია, რომ შეკითხვების უმრავლესობა, რომლებიც პარლამენტში ისმოდა, საზოგადოებას აინტერესებდეს. ჩემი აზრით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია დღეს, მათ შორის უმცირესობების, ასევე დევნილების კუთხით და კიდევ უამრავ სფეროშია პრობლემები. პარლამენტში კი საუბრობდნენ, სრულიად აბსტრაქტულ თემებზე. რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ ვხვდები, რადგან თუ მათ მართლა უნდოდათ კანდიდატის შერჩევა, სხვანაირად უნდა წარემართათ ეს პროცესი.

„ეს არის თავის არიდება.. რა შუაშია იაგო ხვიჩიას კანდიდატურა, თითიდან გამოწოვილი მიზეზია“ – „ოცნების“ დეპუტატები ნაზი ჯანეზაშვილს აკრიტიკებენ

შეფასებები, რაც უმრავლესობის წარმომადგენლებმა ჩემთან მიმართებაში გააკეთეს მოსალოდნელი იყო, შეურაცხყოფის მიყენების სურვილი არც მქონია და არც განმიზრახავს, მე მათ ვუთხარი, რომ გასაუბრებაზე არ მივდიოდი, რაც ჩემი უფლებაა და არა ვალდებულება. კანონში ეს, როგორც ერთ-ერთი სავალდებულო ეტაპი, არსად წერია“,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები