LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრობლემები სესხზე უკვე გაჩნდა” – რჩებიან თუ არა მომხმარებლები მევახშეების იმედად

ეროვნული ბანკის რეგულაციამ, რომელიც ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე, სესხების გაცემას უკრძალავს, სესხებზე პრობლემა უკვე შექმნა. ორგანიზაცია „ბანკები და საზოგადოება“-ს ხელმძღვანელის გიორგი კეპულაძის ინფორმაციით, მომხმარებლები ორგანიზაციას დღეს დილიდან მიმართავენ.

ნაჩქარევი ცვლილებებით, პრობლემა ძირითადად თვითდასაქმებულებს ექმნებათ. დღეს დილიდან გვიკავშირდებიან მოქალაქეები, რომლებსაც პრობლემა შეექმნათ სესხის გაცემაზე. ჭარბვალიანობის პრობლემა მართალც არის ქვეყანაში და ამაში ლომის წილი სწორედ არასაბანკო სექტორზე მოდის. რეგულაციები ეხება საბანკო სექტორს, სადაც ისედაც კარგად ხდებოდა მომხმარებლის ფინანსური შესაძლებლობების შემოწმება.

თუ მოთხოვნა არის ფულზე, ამ მოთხოვნას ვერაფერი გააქრობს. მომხმარებელს მოუწევს მიმართოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხი შეიძლება არც ბანკშია იაფი, მაგრამ გაცილებით ძვირია კერძო ფინანსურ სექტორში. პრობლემა კიდევ უფრო გართულდება 2019 წლიდან, რეგულაციებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც დაექვემდებარებიან, შესაბამისად, მომხმარებლებს რჩებათ გზა – ლომბარდებს და კერძო მევახშეებს მიმართონ,“ –  ამბობს „ფორტუნასთან“ გიორგი კეპულაძე.

საბანკო სფეროს სპეციალისტის მოსაზრებით, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები განვადებებსაც შეაფერხებს, რაც საცალო ბიზნესს უქმნის პრობლემას. შემცირდება  სამომხმარებლო სესხების სეგმენტიც, რაც საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს.

 

“ტყუილი და სუსტი არგუმენტები” – მინისტრის პასუხი ოპონენტებს

 

 

 

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, ოპონენტების მიერ გამოთქმულ არგუმენტს, რომ ახალი რეგულაციებით მოსახლეობის ნაწილს სესხებზე წვდომა შეეზღუდებათ, სუსტს უწოდებს.

ის, რომ  სესხებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდება მოსახლეობის ნაწილს, კერძოდ მოქალაქეებს, რომლებიც არიან მაგალითად რეპეტიტორები, არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს საგადასახადო რეფორმა ყველა მოქალაქეს შეეხება, ყველა ადამიანს ექნება საშუალება დარეგისტრირდეს და მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი. ზღვარი, რაც ჩვენ დავაწესეთ, ყველა მოქალაქეს მოიცავს, მათ უნდა გადაიხადონ სიმბოლურად 1%-იანი გადასახადი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საერთო თამაშის წესებზე, აქ იგულისხმება მთელი ფინანსური სექტორი, რადგან პრობლემის მიზეზი იყო ე.წ. ასიმეტრიული რეგულაცია ფინანსურ სექტორში. საბანკო სექტორს თავის რეგულაცია ჰქონდა, არასაბანკოს სხვა და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არ იყო ერთიან რეგულაციაში მოქცეული და ეს იქცა პრობლემის ერთ-ერთ წყაროდ,“ – განაცხადა მინისტრმა Facebook-ის ეთერის მეშვეობით.

 

რეგულაციის მოლოდინში

 

 

ედუარდ შაინიანი სტილისტად 15 წელია მუშაობს, სილამაზის სალონიდან მიღებული სახელფასო შემოსავალი ბანკში ერიცხება, თუმცა გაცილებით მეტ შემოსავალს კერძო, ბინაზე მომსახურებით იღებს, იმ შემთხვევაში თუ ბანკი მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებულ ხელფასს გაითვალისწინებს, მას სესხის მოცულობა ეზღუდება.

„სალონიდან მხოლოდ 400 ლარი მერიცხება, საკმაოდ ბევრი კლიენტი, სახლშიც ვაკეთებ ვარცხნილობებს, რეალური შემოსავალიც მეტი მაქვს. ახლა საკუთარი სალონის გახსნა მინდა, მაგრამ თუ მარტო 400 ლარს გაითვალისწინებს ბანკი, 4000 ლარზე მეტს ვერ ავიღებ, რაც სალონის გახსნისთვის საკმარისი არ არის,“ – ამბობს ედუარდ  შაინიანი.

 

მეორე შანსი „შავ სიაში” მოხვედრილებისთვის

ეკონომიკური ზრდის შემცირებას მოკლევადიან პრესპექტივაში ეროვნული ბანკიც პროგნოზირებს, ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსიტუტი მთელ ფსონს გრძელვადიან სარგებელზე დებს. სებ-ის  ოფიციალურ პოზიციას იზიარებენ  „ახალგაზრდა  ფინანსისტთა ასოციაციაშიც“. „აფბას” ხელმძღვანელი პაატა ბაირახტარი სესხების ჩრდილოვან მხარეში გადატანის საფრთხეს ვერ ხედავს.

თუ რეალურად შევხედავთ რა სესხებზეა საუბარი, ასეთ სურათს მივიღებთ, ბიზნეს სესხის გაცემა შემოსავლის დადასტურების გარეშე ისედაც არ ხდებოდა, იპოთეკური სესხის აღებისას ქონება გირაოთი იტვირთება, ბანკი შემოსავლების დადასტურების გარეშე მხოლოდ 50 პროცენტს აფინანსებს. რეგულაცია ყველაზე მნიშვნელოვნად სამომხმარებლო სესხს შეეხო, ეს არ არის ის სესხები, რომელიც ეკონომიკის წახალისებას ემსახურება ან ბიზნესის წამოწყებას შეძლებდით.

ბანკი სესხს დაუსაბუთებლად ისედაც არ გასცემდა, პირველ ეტაპზე შეიძლება ნაწილმა მიკროსაფინანსოებსაც მიმართოს, მაგრამ გასათვალისწინებელია მთავარი ფაქტორი, მიკროსაფინანოსებს აქამდეც ის ადამიანები მიმართავდნენ, ვისაც ბანკი არ აძლევდა სესხს. იგივე ითქმის მევახშეებზეც, მათთან პროცენტი იმდენად ძვირია, ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ მევახშეებს. მაშინ, როცა გაფუჭებულია საკრედიტო ისტორია ბანკშიც და მიკროსაფინანსოშიც,“ – ამბობს პაატა ბაირახრატი“ფორტუნასთან“.

„აფბა“ ახალი რეგულაციის დადებით ასპექტზე აკეთებს აქცენტს, საკანონმდებლო რეგულაცია საკრედიტო ისტორიის გადახედვასაც ითვალისწინებს.

მომხმარებლებს, რომლებსაც საკრედიტო ისტორია გაფუჭებული ჰქონდათ და ე.წ. შავ სიაში იყვნენ, ბანკი სესხზე ავტომატურად უარს ეუბნებოდა, ახალი რეგულაციის მიხედვით, ბანკი სესხის მოთხოვნისას, მსგავსი კლიენტების ფინანსურ შემოსავლებს ხელახლა გადახედავს.

 

 

თამუნა გოგუაძე

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები