სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დასუფთავებისა და სანიტარული მომსახურების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან შეხვედრა გაიმართა.
როგორც ”ფორტუნას” სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნანობაშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე ის პრობლემები განიხილეს, რომლებიც ამ სფეროში დასაქმებულებს აქვთ.
„იყო პრობლემები, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს აწუხებდათ, კერძოდ, მათთვის მტკივნეული იყო სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში შესაბამისი თანხის დაგვიანებით გადახდის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც, თანხის გადახდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა მოხდეს. გარდა ამისა, ბიზნესმენები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას პირგასამტეხლოს არაპროპორციულ ოდენობასთან დაკავშირებით, რისი გაუმართლებლად მაღალი ოდენობით დაწესებაც სააგენტოს რეკომედაციით შეიზღუდა“, – განაცხადა ნანობაშვილმა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს ის სიახლეებიც, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ბოლო პერიოდში დანერგა. კერძოდ, ეს ეხება ორ ეტაპიან ტენდერს, ტენდერის გამოცხადებას დაფარული მონაცემებით, რაუნდების გარეშე. ასევე „თეთრ სიაში“ ბიზნესმენთა შეყვანის უფრო სამართლიანი კრიტერიუმების დაწესებას და ამხანაგობის შექმნისა და ახლდდაფუძნებული ამხანაგობით ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობის გაჩენას.
ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განათების სფეროს წარმომადგენლებთან, კერძოდ, გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლებთან გაიმართება.