LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემა არ მოგვარდება მხოლოდ აფთიაქების დახურვით – ნარკოლოგი სააფთიაქო ნარკომანიაზე

110

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სააფთიაქო ნარკომანიას, როგორც ტერმინს განმარტავს და მის შედეგებს აანალიზებს.

ნარკოლოგი ამბობს, რომ აფთიაქების დახურვით ეს უმძიმესი პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან კვლავ რჩებიან მომხმარებლები და არსებობს შავი ბაზარი.

ზურა სიხარულიძის თქმით, ამ მხრივ, რამდენიმე ძირეული რეფორმაა გასატარებელი.

“რა არის სააფთიაქო ნარკომანია? როცა ამდენს ვლაპარაკობთ ამ თემაზე, ნამდვილად კარგად გვესმის კი ამ ტერმინის მნიშვნელობა? როდის გაჩნდა ის საქართველოში, რატომ? საიდან იღებს სათავეს და ა.შ. რა ზიანი მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას და კიდევ რა ზიანის მოტანა შეუძლია?

როდესაც ვამბობთ სააფთიაქო ნარკომანიას ვერ ვხვდებით რეალურად რას ნიშნავს ეს.

პრობლემა სათავეს იღებს 2006 წლიდან. ამ ორი სიტყვათა შეხამების მიღმა დგას ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არის დღეს დაავადებული უმძიმესი სენით – კერძოდ, ფსიქო-აქტოურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით. ვაცნობიერებთ კი ჩვენ ამ პრობლემის მასშტაბებს? ნამდვილად ვერა… ვინაიდან ქვეყანაში არც სტატისტიკა არსებობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, არავინ იცის რამდენი ადამიანია დღესდღეისობით ამ ნივთიერებებზე დამოკიდებული.

ჩვენ როდესაც ხისტად ვუდგებით აღნიშნულ საკითხს და მხოლოდდამხოლოდ ვამცირებთ მიწოდებას და ვხურავთ აფთიაქებს, ერთის ადგილას ჩნდება ათი, ვინაიდან შავი ბაზარი ამ ყველაფერზე საკმაოდ კარგად რეაგირებს. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს შევამციროთ მოთხოვნა.

ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც დამოკიდებული არიან ამ ნივთიერებებზე?

  • პატიმრები, რომლებიც იმყოფებოდნენ ციხეებში 2006-2012 წლებში (ამ ადამიანების 80% სწორედ ციხეში გახდა აღნიშნულ პრეპარატებზე დამოკიდებული)
  • 21-30 წლის ახალგაზრდები, რომლებიც ზემოაღნიშნულ პერიოდში თავისუფლად ყიდულობდნენ ამ პრეპარატებს და გახდნენ მათზე დამოკიდებულები. ისინი მიიჩნევდნენ, რომ უსაფრთხოა მსგავსი ნივთიერებების მოხმარება, ვინაიდან იყიდება აფთიაქში.
  • ყველა ადამიანი, რომელიც თვლიდან რომ რაღაც სტრესი ჰქონდა, პრობლემის დასაძლევად იყენებდა ფსიქო-აქტიურ ნივთიერებებს.

ამ ადამიანთა რაოდენობის განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია…

დაკვირვებულხართ ოდესმე თუ რა რაოდენობის ნივთიერებას იღებენ აფთიაქებიდან, როდესაც გვაჩვენებენ სატელევიზიო კადრებს. გამოდის რომ თითოეულ ამ აბს ყავს თავისი მომხმარებელი. ამიტომ ცალსახად პრობლემა არ მოგვარდება მხოლოდ აფთიაქების დახურვით, მანამდე სანამ ჩვენ არ შევამცირებთ რაიოდენობას იმ ადამიანებისა (და განვკურნავთ), რომლებიც დღეს დაავადებულები არიან.

და რას ვაკეთებთ ამისთვის?.. თითქმის არაფერს! შესაბამისად პრობლემა რჩება პრობლემად და კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს აღნიშნულ საკითხზე საუბარი მანამდე, სანამ სისტემურად არ დავიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას, რაც გულისხმობს შემდგეს:

  1. სასწრაფოდ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ბაზის ძირეული ცვლილება
  2. შეიქმნას მონაცემთა სტატისტიკური ბაზა (უმოკლეს ვადაში)
  3. მოხდეს რანჟირება დახმარების რაობის ანუ განისაზღვროს ვის რა ტიპის მომსახურება სჭირდება
  4. მოხდეს სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრების სიმძლავრეების აღწერა
  5. შეიქმნას “გაიდლაინები” აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში
  6. მოხდეს ნარკოლოგების პროფესიული ჩამოყალიბება და ზრდა (მინიმალურ დროში)
  7. მოხდეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა

აღნიშნული საკითხები არის წინაპირობა იმისა, რომ მომდევნო 2-5 წლის განმავლობაში მოხდეს სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემურ საკითხებთან გამკლავება. რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნული საკითხების აქტიური იმპლემენტაციით!” – წერს ზურა სიხარულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები