სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერს უფლებამოსილების გასვლის შემდეგ სახელმწიფო დაცვა მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ. აღნიშნული ცვლილება გავრცელდება ყოფილ პრეზიდენტებსა და პრემიერებზეც. ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონპროექტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
„კანონში არსებობს კოლიზია, პირველის პრიმა და მეოთხე პუნქტებს შორის. პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებს, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე, უპირობოდ უნარჩუნდებათ სახელმწიფო დაცვა.
მეოთხე პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო თანამდებობის პირს და მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტსაც უფლებამოსილების შეწყვეტის ვადის გასვლის შემდეგ დაცვა ენიშნებათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ეს იყო კოლიზია – ერთი პუნქტი გვეუბნებოდა, რომ უნარჩუნდება, მეორე გვეუბნებოდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ენიშნებოდა.
ჩვენ შემოვიტანეთ ახალი პროექტი – მეოთხე პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრემიერმინისტრს, პრეზიდენტს დაცვა შეუნარჩუნდება უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ერთი წლის ვადით,“ – განაცხადა ჩუბინიძემ.
ანზორ ჩუბინიძემ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლსაც უპასუხა, დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის კითხვა ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.
„თქვენს კითხვაზე მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი ბიძინა გადადგა თუ არა პოსტიდან, მაშინათვე შეუწყდა სახელმწიფო დაცვა. მას ჰყავს დაქირავებული, ანუ კომერციული სახით დაცვის პოლიციიდან აყვანილი დაცვა. ის ამ მომსახურებაში იხდის თანხას და არავითარ კავშირში არ არის სახელმწიფო დაცვასთან,“ – აღნიშნა ჩუბინიძემ.
„სახელმწიფო დაცვა ყველას შეუწყდება, ოღონდ, ამის საფუძველი თუ არ გახდა მთავრობის სხდომაზე მიღებული დადგენილება. ვინ უნდა ჩათვალოს ამის საჭიროება – მე ვფიქრობ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა და დაზვერვის სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციით, თუ არსებობს რამე ან მისი სიცოცხლის, ან ჯანმრთელობის მუქარასთანაც დაკავშირებით. ეს საკითხი უნდა გახდეს განხილვის თემა და აქედან გამომდინარე, მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება, ან გაუგრძელოს, ან დაუტოვოს. თუ ეს არის რისკის შემცველი, უნდა მოითხოვონ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და პირველ რიგში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა და უნდა მოხდეს გაგრძელება. დაცვის მინიმალური სტანდარტები უნდა დაამტკიცოს სახელმწიფომ და მათი აღსრულება უნდა მოახდინოს საჭიროების მიხედვით სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა – ეს არის ჩვენი შემოთავაზება,“ – განაცხადა ჩუბინიძემ.