LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ვეტო ორ კანონპროექტზე გამოიყენა

31

საქართველოს პრეზიდენტმა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს ხვალ გადაეგზავნება.

პრეზიდენტის აზრით, ორივე კანონის სულისკვეთება ასუსტებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს, პლურალიზმს და სახელმწიფოს ფუნქციონირებაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხს.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, მიუღებელია ასევე, ამ კანონების მიღების დაჩქარებული ფორმაც. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებდა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ საარჩევნო წელს არ მომხდარიყო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში კი, ორივე კანონი საარჩევნო გარემოს ეხება და არჩევნებამდე და 3 თვით ადრეა მიღებული.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს მოტივირებულ შენიშვნებს, მით უფრო, რომ მოტივირებული შენიშვნები ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების პოზიციას ეფუძნება.

“დარწმუნებული ვარ, რომ მმართველმა პარტიამ კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს განსხვავებულ აზრს და ეს განსხვავებული აზრი აქციოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელ ნაწილად“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი ვეტო “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექს“ ეხება, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს –  თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთას და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა.

“ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2014 წელს “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში მიენიჭა, რომელიც საწყის ეტაპზე, ამ სტატუსის მინიჭებას 7 ქალაქისთვის ითვალისწინებდა. იგეგმებოდა პროცესის უფრო გაღრმავებაც. ეს თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად, როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამის უკან შეტრიალება აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელია.

7 ქალაქისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.

არადა თვითმმართველობა ის რეალური, ერთადერთი, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს, მთავარი შემკვეთის, ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი, თ უ როგორ უნდა  ემსახუროს სახელმწიფო საზოგადოებას, არ არსებობს. ეს პროცესი პირიქით უნდა გაღრმავებულიყო”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული შენიშვნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხებს ეხება.

“კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ცესკოში მმართველ პარტიას მეტი რაოდენობის წევრი ეყოლება  და მეტი შესაძლებლობა ეძლევა,  მეორე მხრივ, კი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ცესკოს შემადგენლობაში აღარ იქნება ასახული.

ეს აკნინებს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას  და ასუსტებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. საარჩევნო სტრუქტურებში პოლიტიკური პლურალიზმი უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს, რომ ამ სტრუქტურების ეფექტურობის და სამართლიანობის მიმართ ჩვენი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო ამაღლდეს”, –  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები