თბილისში სპეცოპერაციის ფარგლებში პრეზიდენტის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან ერთად დაკავებულ გიორგი რაზმაძეს სამართალდამცავი უწყება სისხლის სამართლის ორ საქმესთან დაკავშირებით ეძებდა.
ერთერთი საქმე ეხება 2018 წლის 26 მაისს, დადიანის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტს, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
მეორე საქმე კი, რისთვისაც რაზმაძე იძებნებოდა, 2018 წლის თებერვალში, ასევე დადიანის ქუჩაზე მოხდა, სადაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ახალგაზრდას. გამოძიება ამ საქმეზე 126-ე მუხლით დაიწყო.
რაც შეეხება პრეზიდენტის სიძეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს, მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზა და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება,“ – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ორი პირი, მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა გვიან ღამით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს.
მანამდე გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური 2018 წლის 5 ივლისს მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში, მაშინ როცა დაჭრეს. ის 2017 წლის იანვარში ასევე ფეხის არეში დაჭრეს. მაშინ ინციდენტი თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.
მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.