„2021 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულები დააჯილდოვა, რომლებიც შესაბამისმა საკონკურსო კომისიებმა გამოავლინეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა.
„საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო პრემიებს. პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს და ქმნის საკონკურსო კომისიებს პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციის თანახმად, კომისიის თავმჯდომარეები და წევრები სამეცნიერო, სახელოვნებო და სალიტერატურო სფეროების ცნობილი წარმომადგენლები არიან.
ცნობისთვის, აღნიშნულ საკითხზე კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ გამარჯვებულებს შორის ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებული, თავდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი მოხვდა.
ამავე საქმის – ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტის, ივერი მელაშვილის განცხადებით, მას ეს ინფორმაცია აქვს, თუმცა დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან მან ჟურნალისტებთან თავი შეიკავა და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ პროკურატურამ მისი შეფასება მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.