LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: „იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერს – დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო“

204
სალომე ზურაბიშვილი

„იძულებული ვარ, საჯაროდ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრს – დაუყოვნებლივ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ამ მოვლენების საქართველოზე ზეგავლენაზე საუბრის დროს აღნიშნა:

„ეს ბრიფინგი მიეძღვნება რუსეთში არსებულ მოვლენებს, თუმცა, არ ვაპირებ, კომენტარი გავაკეთო შიდა მოვლენებზე.

მაინტერესებს მხოლოდ ის, რაც ჩვენ გვეხება. როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, ვალდებული ვარ, დეტალურად გავეცნო მოვლენების განვითარებას და მათ ყველა შესაძლო გავლენას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ინტერესებზე.

გავეცანი ჩვენი თავდაცვის ძალების მეთაურის, გენერალ-მაიორ მათიაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე.

სამწუხაროდ, ვერ მივიღე საჭირო ინფორმაცია პასუხისმგებლობის მქონე ვერც ერთი სხვა სახელმწიფო სტრუქტურისგან, ვერც შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელსაც ჩვენი საზღვრის კონტროლი ევალება, ამავე დროს, როგორც უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს და მიზიარებდეს;

ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომლის ერთ-ერთი მიმართულება, საკუთარი უწყების კანონის თანახმად, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვაა;

ვერც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისგან, რომელსაც საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა და ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა პირდაპირ კანონით ევალება.

არათუ ინფორმაციის მიღება, დაკავშირებაც ვერ მოხერხდა, რაც თავისთავად ამ მდგომარეობაში საგანგაშოა, როცა მსოფლიო ყურადღება მობილიზებულია არსებული მოვლენების მიმართ…

მიმაჩნია, რომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ამ ფორმატში უნდა იყოს განხილული – დრო აღარ ითმენს.

ერთია საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა და მეორეა სანქცირებული პირების სიების გამოყენება საზღვარზე, იმ სიების, რომელიც არსებობს და რომლებსაც ჩვენი პარტნიორები აკონტროლებენ.

ინფორმაციული ვაკუუმი არ უნდა შეიქმნას, რამეთუ საზოგადოებამ უნდა მიიღოს დროულად და დეტალურად მისთვის საჭირო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება, რათა არ შეიქმნას არც უსაფუძვლო შიშები, რაც ხშირად ხდება, როცა ინფორმაციული ვაკუუმია ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

ასევე, საბჭომ უნდა განიხილოს, არსებული რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისთვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ.

ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ.

და ბოლოს, აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო კომუნიკაცია გაგრძელდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისათვის, გუშინ, 23 ივნისს, სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს, რის გამოც, მისი თქმით, დარტყმის ავტორები დაისჯებოდნენ. მოგვიანებით, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, შემდეგ კი მისმა სამხედროებმა დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანეს.

ამავე თემაზე:

მედია: მოსკოვიდან თბილისის, სტამბოლის და ასტანას მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ არის 

ვლადიმერ პუტინი: დავიცავთ ქვეყანას როგორც გარე მტრებისგან, ასევე შიდა მოღალატეებისგან.. ვინც აჯანყება მოაწყო და იარაღი აღმართა, პასუხს აგებს​!

პრეზიდენტი: „ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს

შსს: „სიტუაცია სრულად კონტროლდება, ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს და რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროს 

„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით – ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები