LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი დაღუპული სკოლის მოსწავლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

96

ამ ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა, ცხოვრება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალგაზრდებს შორის მომხდარი შემთხვევის შეფასებისას განაცხადა.

პრეზიდენტის შეფასებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ საზოგადოება აგრესიული და ძალადობრივია. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, კარგად დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებებზე.

„მინდა მივუსამძიმრო მთელს საზოგადოებას, ასეთი ტრაგედიის დროს ყველანი შეძრწუნებულნი და შეშინებულნი ვართ. როგორც საზოგადოება, სამწუხაროდ, ძალიან აგრესიული და ძალადობრივი აღმოვჩნდით. ეს არ გამოიხატება მარტო ამ ტრაგიკულ მოვლენაში. გუშინ იყო დღე, როდესაც მე მივედი და ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მქონდა ურთიერთობა, საღამოს კი კიდევ ერთი ძალადობა დაფიქსირდა ქალზე. დღე არ გავა, რომ არ იყოს ასეთი აგრესიის გამოვლენა. თითეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს იმის თაობაზე, თუ რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ და რას ვაძლევთ ერთმანეთს. ამ ტრაგედიამ ცოტა უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ ვინ ვართ და რა საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი დაღუპული სკოლის მოსწავლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. „დღეს რეალობა ჩვენს ირგვლივ ტრაგიკულია. ვუსამძიმრებ ოჯახს და გამოვთქვამ იმედს, რომ არასდროს ამ რეალობის წინაშე, ჩვენი შვილების დაკარგვის წინაშე, ჩვენ არ დავდგებით, ან როდესაც დავდგებით, ვიქნებით ძლიერები, ვიქნებით ორგანიზებულები, ვიქნებით მზად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდეს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.