LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი – ამაზე უფრო კონსტუქციული შეთანხმება მე ვერ წარმომიდგენია

120

ამაზე უფრო კონსტუქციული შეთანხმება მე ვერ წარმომიდგენია, ამის იქით არის უკვე დათანხმება და არა შეთანხმება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებაზე საუბრისას აღნიშნა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი არა პარტიულ კონტექსტში გაიაზრებს, არამედ ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და უმაღლესი თანხმობის დოკუმენტს შეეფერება.

„გულწრფელად რომ გითხრათ, თუ ჩვენ მართლა გვინდა შეთანხმება და თუ ამის სულისკვეთება არსებობს, 6 პუნქტიდან, როდესაც 5 არის ხელისუფლების ინიციატივა და ერთი, რომელზეც ვერ ვთანხმდებით, გადაწყვეტილი კი არა, სამომავლოდაა გადადებული, ამაზე უფრო კონსტუქციული შეთანხმება მე ვერ წარმომიდგენია. ამის იქით არის უკვე დათანხმება და არა შეთანხმება. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ადამიანები, რომლებსაც ქართველმა ხალხმა ანდო თავიანთი ცხოვრების განკარგვა და მათ შორის კონსტიტუციის შექმნა, ამ შეთავაზებას გაიაზრებენ არა პარტიულ კონტექსტში, არამედ ისე, როგორც უნდა იქნას გააზრებული კონსტიტუცია. ისინი ხმას მისცემენ ამ საკითხებს არა პარტიული კონიუქტურიდან გამომდინარე, არამედ ხმას მისცემენ თავისი სინდისის, პოლიტიკური მრწამსისა და მომავალთან პასუხისმგებლობის სულისკვეთებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც 1 თვის განმავლობაში ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში. პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც კონსტიტუციასთან დაკავშირებულ რამდენიმე ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ.