LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი შარლ მიშელთან ერთად, თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ პროცესებს განიხილავს

70
დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ძირითადი თემები სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, იქნება როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესები და ისე მოლაპარაკებები, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივითა და მედიაციით მიმდინარეობს.

ზალკანიანის განცხადებით, თავად ის ფაქტი, რომ მან საკუთარი წარმომადგენელი გამოაგზავნა და ეს პროცესი მისი ჩართულობით მიდის, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას, რადგანაც სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა წარმოუდგენელია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, შარლ მიშელთან ერთად განიხილოს თბილისში, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესები.

“ასოცირების საბჭო გახლავთ საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი ფორმატი და აქედან გამომდინარე, ის განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ძირითად მიმართულებას,” – განაცხადა ზალკანიანმა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებენ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

“ბუნებრივია, განხილული იქნება რეგიონში არსებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ახალი გეოპოლიტიკური გარემო მოითხოვს ჩვენს შორის ძალიან კოორდინირებულ და თანმიმდევრულ საქმიანობას, ამიტომ, ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ. პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებენ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე,” – დასძინა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური მიმართულება ასოცირების საბჭოს დღის წესრიგის ასევე ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება.

“ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია, ასევე დემოკრატია, მართლმსაჯულება და ყველა ის საკითხი, რომელსაც ფარავს ასოცირების შეთანხმება,  განხილული იქნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის განცხადებით,  შეხვედრები ასევე ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლებთან იქნება-გაფართოების საკითხებში კომისართან, ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის წევრებთან.

“ნატოსთან თანამშრომლობა ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, ის გამოვა საქართველო-ნატოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე და მოახსენებს ჩვენს მოკავშირეებს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესზე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.