LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი საჯარო სექტორში ხელფასების ზრდას აანონსებს – ვის და როდიდან მოემატება ანაზღაურება

272
ირაკლი ღარიბაშვილი

2023 წლის იანვარში ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით გაიზრდება და ეს ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს, შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელფასები გაიზრდება 20%-ით ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი.

„მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. „ჯარის ქალაქი“ სრულდება და უკვე რამდენიმე თვეში გავხსნით, საცხოვრებელ ბინებს გადავცემთ 1000-ზე მეტ ჯარისკაცს და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. რამდენიმე კვირაში დავიწყებთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობას. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს ბინებს და რა თქმა უნდა, ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ.“ – აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან ბიუჯეტში საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასებისა და დანამატების, ასევე მანდატურების ხელფასების გაზრდაა გათვალისწინებული. როგორც მან აღნიშნა, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება.

„განათლებასა და მეცნიერებაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები იზრდება, ასევე მანდატურების ხელფასები გაიზრდება. საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, ეს ყველა საჯარო მოხელეს შეეხება. ასევე, ჩვენ გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის გამოყოფილია ძალიან დიდი თანხები, დაახლოებით მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში. ამ მიზნით, 2023 წელს ბიუჯეტში 300 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც, ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები