ჩვენ გვაქვს წარმატებები, მაგრამ ის საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს, კიდევ უფრო სწრაფად უნდა გადავჭრათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძის მიერ ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის განმარტებით, ეს უნდა იყოს ძალიან ნათელი, გამჭვირვალე და ყველასთვის მარტივად აღსაქმელი პროცედურა, თუ როგორ ახერხებს მთავრობა ნებისმიერი ბიზნესისთვის ოპერატიულ რეჟიმში სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას.
„მეორე წარმატება, რომელიც ამავე დროს არის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი – საქართველო არის მე-6 ადგილზე Doing Business-ის რეიტინგში. ეს არის გლობალური წარმატება და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივი მუშაობით ჩვენ ეს შევძელით. ირაკლი ლექვინაძემ თავის გუნდთან ერთად გასულ წელს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა, ძალიან ბევრი საკითხი გადაიჭრა ოპერატიულად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საკითხების ოპერატიულად გადაჭრის მექანიზმი კიდევ უნდა დავხვეწოთ. ჩვენ გვაქვს წარმატებები ამ მიმართულებით, მაგრამ მე მოწადინებული ვარ, რომ ის საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს, კიდევ უფრო სწრაფად გადავჭრათ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.