LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოტსდამი – რჩევები პოტსდამში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

285
პოტსდამი

პოტსდამი – პატარა და ლამაზი ქალაქია, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარეობს, ბერლინიდან სამხრეთ-დასავლეთით 20 კმ-ში. ქალაქის პანორამა განუმეორებელია: მდინარე ტურისტული გემებით, ხიდებზე მოსიარულე მატარებლები, სასახლეები, ტაძრები, ძველი შენობები, ტბები, სიმწვანეში ჩაფლული პარკები და ტყეები. ქალაქის დაახლოებით 70% გამწვანებულია. პოტსდამი გერმანიის ერთ-ერთი თვალწარმატაცი და საინტერესო ქალაქია.

ქალაქი მდინარე ჰაველზეა გაშენებული, რომელიც ტყეებსა და მინდორ-ველებში მიედინება, უამრავ ტბას შორის.

ქალაქი პოტსდამი – პრუსიის მეფეების ყოფილი რეზიდენცია და ბრანდენბურგის ფედერალური მიწის დედაქალაქია. მოსახლეობა 180 ათასს აღემატება.
1990 წლიდან ქალაქის მთელი ლანდშაფტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტების სიაშია შეტანილი.

პოტსდამი – ერთი დიდი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, ქალაქი-მუზეუმი ათასწლოვანი ისტორიით, რომლის არქიტექტურული შედევრები პრუსიის მეფეების შექმნილია. გარდა ამისა, პოტსდამი გერმანული კინემატოგრაფიის, განათლებისა და მეცნიერების ცენტრია.
ის ტურისტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია.

ქალაქი

ძველი ბაზარი (Alter Markt)
მდებარეობს ქალაქის ცენტრში და წარმოქმნის ისტორიულ ბირთვს. ის მდებარეობს წმინდა ნიკოლაევსკის ტაძრის ირგვლივ. ტაძარი 1830-37 წლებისაა. კლასიკური სტილის ეკლესია მოედნის მთავარი მშვენებაა.

არქიტექტურული ანსამბლი მოიცავს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას, ლუსტრაგტენის პარკს, ძველ რატუშას და არც თუ დიდი ხნის წინ აღდგენილ ჰოენცოლერნების სასახლეს, რომელიც ბრანდენბურგის მიწის პარლამენტის ადგილია. მოედნის შუაშია 16-მეტრიანი მარმარილოს ობელისკი, რომელზედაც გამოსახულია დიდი პოტსდამელი არქიტექტორების პროფილები (აგებულია 1753-55 წლებში).

ძველი ბაზარი ძლიერ დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის დროს. მოგვიანებით მოხდა მისი რეკონსტრუქცია. წმინდა ნიკოლაევსკის ტაძარი და ძველი რატუშა გადააკეთეს, მარმარილოს ობელისკი აღადგინეს, ნანგრევები გაწმინდეს.

ძველი ბაზრის ნამდვილი მშვენებაა წმინდა ნიკოლოზის პროტესტანტული ეკლესია. ის გერმანული კლასიციზმის უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა. შესანიშნავი შენობა ქალაქის სავიზიტო ბარათია. 1721 წელს ფრიდრიხ ვილჰელმ I-მა მცირე ზომის ტაძრის აღება და მის ადგილზე, ახალი, რომაული ბაროკოს სტილის ტაძრის აშენება ბრძანა, რომელიც წმინდა ნიკოლოზს მიუძღვნა. ის 1795 წელს დაიწვა.

 

ძველი რატუშა (Alte Rathaus)
პირველად ააშენეს 1524 წელს, მაგრამ 1536 წლის ხანძრის დროს დაიწვა. ამჟამინდელი რატუშა 1753-55 წლებში აიგო ფრიდრიხ II დიდის დროს პალადიანური კლასიციზმის სტილში.
ფასადი კოლონებითაა დამშვენებული, ხოლო გუმბათზე დგას მოოქრული ატლანტას ქანდაკება, რომელსაც მხრებზე ცის თაღი უჭირავს.
1966 წელს ძველი რატუშის შენობა შეუერთდა კნობელსდორფის სახლს და ერთიანი კომპლექსი შექმნა, სადაც დღეისათვის მდებარეობს თეატრი, ორი გალერეა, კაფე და რესტორანი.

 

ბარბერინის მუზეუმი (Museum Barberini)
ამ მუზეუმში გამოფენილია მუზეუმის დამაარსებლისა და მეცენატის ხასო პლატნერის კოლექცია, ასევე იმართება სხვადასხვა დროებითი გამოფენები. მაგალითად, ედვარდ მუნკის ნამუშევრების.
მუზეუმმა სახელწოდება შენობისგან მიიღო, სადაც ის მდებარეობს: ეს ბარბერინის სასახლეა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა. მუზეუმი გაიხსნა 2017 წლის დასაწყისში.

 

ბრანდენბურგის კარიბჭე (Brandenburger Tor)
ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო. პოტსდამის კარიბჭე 18 წლით უფროსია სახელგანთქმულ ბერლინის ბრანდენბურგის კარიბჭეზე.
ის 1733 წელს ააგეს ძველი კარიბჭის ადგილზე და ფორმით ტრიუმფალურ თაღს წააგავს.
მისი პროტოტიპი გახდა რომში მდებარე კონსტანტინეს ტრიუმფალური თაღი.
კარიბჭეს ორი განსხვავებული ფასადი აქვს, რადგან მის შექმნაში ორი არქიტექტორი მონაწილეობდა. კარიბჭე ბაროკოს სტილშია. ორივე მხრიდან გამოსახულია ჰერკულესი და მარსი. ფეხით მოსიარულეთათვის გვერდითა გასასვლელები 1843 წელს გაჩნდა.

 

სამონადირეო კარიბჭე (Jägertor)
პოტსდამის საქალაქო კარიბჭე, რომელიც 1733 წელს აიგო. ის ქალაქის ჩრდილოეთ შესასვლელია და ლინდენშტრასეს ქუჩის დასაწყისი. სახელწოდება მიიღო ქალაქგარეთ არსებული კურფიურშეს სამონადირეო კარიბჭედან.
თავდაპირველად კარიბჭე დეზერტირი ჯარისკაცებისთვის და კონტრაბანდისტებისთვის წინაღობას წარმოადგენდა.
1869 წელს კედელი აიღეს და მას შემდეგ კარიბჭე თავისუფლად დგას მცირე ზომის მოედანზე.
ზემოდან დგას ირემი, რომელსაც თავს ესხმიან მონადირე ძაღლები, გვერდებზე გამოსახულია ცეცხლმოკიდებული ყუმბარები. ასე ასახულია კარიბჭის კავშირი როგორც სამონადირეო სახლთან, ასევე მისი სამხედრო ფუნქცია.

 

ნაუენის კარიბჭე (Nauener Tor)
აიგო 1754 წელს და გერმანიის ნეოგოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია.
დამატებულია მრგვალი ფსევდოგოთიკური კოშკები. თავდაპირველად კარიბჭე ქალაქის კედელში იყო ჩაშენებული, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ჰოლანდიურ კვარტალის შესასვლელთან. დღეისათვის ის პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. აქ ბევრი კაფე და რესტორანია, თაღს ქვემოთ კი ტრამვაი გადის.

 

მიტეშტრასესა და ბენკერშტრასეს გავლით მოხვდებით პარკში, სადაც აღმართულია ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი მემორიალით. საბჭოთა სამხედრო სასაფლაო ბასინპლაცის მოედანზე მდებარეობს. აქ დაკრძალულია 680 ადამიანი, მათგან 370 უცნობია.

იქვეა ფრანგული ტაძარი (Franzosische Kirche), რომელიც პანთეონს ჰგავს, და პეტრე პავლეს ტაძარი (Peter-und-Paul-Kirche). კათოლიკური ეკლესია 1870 წლიდან დგას, ბერძნული ჯვრის ფორმისაა და რამდენიმე არქიტექტურულ სტილს ითავსებს – რომანულს, კლასიკურსა და ბიზანტიურს. ფასადზე აღმართულია ორიარუსიანი სამრეკლო საათით.

ახალი ბერძნული პანთეონის სტილში გუმბათის გარეშე 1837 წელს ააგეს. თუმცა ცუდი აკუსტიკა ჰქონდა და შიგნით თაბაშირი და მოოქროვება იყრებოდა. უამრავი გადაკეთების შემდეგ 1850 წელს დაადგეს გუმბათი და ტაძარი განათდა.

თავდაპირველი პროექტი ითვალისწინებდა კლასიკურ ფასადს ორი კოშკით, მაგრამ ის შეცვალეს ერთი სამრეკლოთი, რომელიც ვერონას სან-ფერმო-მაჯორეს ბაზილიკის ანალოგია. შენობის სახურავი საბჭოთა არტილერიამ დაანგრია ბერლინის შტურმის დროს, მაგრამ ის მალე შეაკეთეს და უკვე 1950 წელს აღადგინეს.

 

ჰოლანდიური კვარტალი
1740 წელს ნიდერლანდებიდან გადმოსახლებულებისთვის ააშენეს სოფელი, რომელსაც ჰოლანდიური კვარტალი (Holländisches Viertel) უწოდეს.

ის ევროპაში, ნიდერლანდებს მიღმა, ჰოლანდიური სტილის უმსხვილეს არქიტექტურულ ანსამბლად მიიჩნევა. კვარტალი წითელი აგურის 134 სახლისგან შედგება და ოთხ კვადრატულ სექტორში მდებარეობს.

თავდაპირველი ჩანაფიქრით, კვარტალში კვალიფიციური ჰოლანდიელი მუშახელი უნდა დაესახლებინათ. თუმცა პოტსდამში მათი რაოდენობა ბევრი არ ყოფილა, ამიტომ სახლების ნახევარი გრენადერებმა (ქვეითი ჯარის გვარეობა) დაიკავეს, დანარჩენი კი ფრანგმა და პრუსიელმა ვაჭრებმა, ასევე მხატვრებმა.

1970-იანი წლების დასაწყისი კვარტალი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით მისი სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყეს. ნიდერლანდების სამეფო სახლის ხელშეწყობით სახლები რესტავრირებულია და მათში განთავსებულია რესტორნები, კაფეები, ანტიკვარული მაღაზიები და სუვენირების დახლები.

 

ბახი და მუსიკა

მუსიკის მემკვიდრეობა პოტსდამში მჭიდროდ არის დაკავშირებული ქალაქის მოსახლეობასთან და ისტორიასთან. მეფეები და კაიზერები, არტისტები გავლენას ახდენდნენ კულტურასა და მუსიკაზე. დღემდე პოტსდამი კლასიკური მუსიკის ცენტრია, გუნდებით, ორკესტრებით, კონცერტებით, ცნობილი საკონცერტო დარბაზებითა და შთამბეჭდავი ღონისძიებებით.

პოტსდამშია მუსიკალური სკოლა Johann Sebastian Bach, სადაც ახალგაზრდა მუსიკოსები სწავლობენ და რეალიზების საშუალება აქვთ მრავალფეროვან პროგრამებში. ქალაქში ტარდება ბახის დღეები.

სავარაუდოდ იოჰან სებასტიან ბახი ხანმოკლე ვიზიტით ეწვია პოტსდამს – 1741 წლის 7 მაისს, სადაც სამეფო კარზე მისი ვაჟი კარლ ფილიპ ემანუელი მსახურობდა (სამეფო კარის მუსიკოსი იყო). იგი შეხვდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდს. შეხვედრა ქალაქის ციხესიმაგრეში ან სასახლეში შედგა. სანსუსის სასახლე აკურთხეს 1 მაისს, ერთი კვირით ადრე ბახის ვიზიტამდე. ასე რომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბახი პრუსიის მეფეს აქ შეხვდა და არა ციხესიმაგრეში.

ფრიდრიხმა ბახის სტუმრობის გამო გადადო საკუთარი კონცერტი (ფრიდრიხი ფლეიტაზე უკრავდა). მან კომპოზიტორი ყველა კლავესინისტის ტურნირზე მიიწვია. მეფემ თავადაც დაუკრა ფლეიტაზე და შესთავაზა რამდენიმე ვარიაციის იმპროვიზება ამ მელოდიაზე. ორ თვეში ბახმა მეფეს გაუგზავნა „მუსიკალური მიძღვნა“, რომელშიც ეს თემა გამოიყენა 13 სხვადასხვა ფორმით.

 

გლინიკეს ხიდი – ადგილი, სადაც ჯაშუშებს ცვლიდნენ

გლინიკეს ხიდი ბერლინისა და პოტსდამის საზღვარზეა, გლინიკეს სასახლის სიახლოვეს. ცივი ომის დროს აქ ცვლიდნენ ჯაშუშებს.

დაახლოებით მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, 40 ადამიანი გაცვალეს. პირველად 1962 წელს ამერიკელი მფრინავი ჰარი პაუერსი და საბჭოთა მზვერავი რუდოლფ აბელი. 2015 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი „ჯაშუშთა ხიდი“, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენქსი თამაშობს.

გლინიკეს ხიდზე მხოლოდ ჯაშუშებს და აგენტებს როდი ცვლიდნენ. 1986 წელს დასავლეთ ბერლინის ტერიტორიაზე ცნობილი საბჭოთა დისიდენტი ანატოლი შარანსკი გადავიდა.

ასეთ დროს ალბათ ნაკლებად თუ აქცევდნენ ყურადღებას იქაურ სილამაზესა და ღირსშესანიშნაობებს, თქვენ კი ამის გაკეთება შეგიძლიათ.

პოტსდამის ქუჩები
პოტსდამი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი გახდა მე-18 საუკუნის შუაწელს, როდესაც პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდმა ის თავის რეზიდენციად აქცია. ქალაქი ფართოვდებოდა, გასცდა ძველ საციხო კედელს. ქუჩები და მოედნები ბაროკოს და გვიანდელი კლასიციზმის სტილის სასახლეებითა და ვილებით გაივსო, რომელთა გვერდით მე-18-19 საუკუნეების პრუსიული ერთ და ორ სართულიანი ძველგერმანული სტილის სახლები და რესტორნები იყო.

პოტსდამი რამდენიმე კვარტლისგან შედგება და ყველა მათგანს არქიტექტურული განსაკუთრებულობა გააჩნია. თუმცა კვარტალები ორგანულად ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. ლამაზ ქუჩებში სეირნობისას ნახავთ მდიდრულ შენობებს, ადგილობრივი წარჩინებულების ვილებს და ბიურგერების (ფრანგული ბურჟუას ანალოგი) სახლებს.
აქ თითქმის არაფერი შეცვლილა მე-17 საუკუნის შემდეგ. ამაშია კიდეც პოტსდამის მთელი მომხიბლაობა.

ასევე ძალიან საინტერესოა და თავისი ამბავი გააჩნია შიდა ეზოებსაც. სეირნობისას შეგიძლიათ იქაც შეიაროთ და ერთად მდგომი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილისა და ეპოქის სახლები ნახოთ.

 

სასახლეები და პარკები

სანსუსის სასახლე (Schloss Sanssouci)

სანსუსი – პრუსიის მეფის ფრიდრიხ დიდის საყვარელი რეზიდენცია. მას ხშირად „პრუსიის ვერსალს“ უწოდებენ. ის ქალაქის სიმბოლოდ არის ქცეული. სასახლე გორაკზეა აშენებული 1745 -1747 წლებში თავად მეფის ესკიზების მიხედვით.

სანსუსი მეფის პირად სასახლედ მიიჩნეოდა და მშვიდობიანობის დროს აპრილიდან ოქტომბრამდე აქ ცხოვრობდა. ეს საზაფხულო რეზიდენცია იყო, სადაც მეფე საყვარელს საქმიანობას ეწეოდა – ფილოსოფია, მუსიკა, ფერწერა მისი გატაცება იყო. სანსუსი იყო სასახლე „sans femmes“ – ქალების გარეშე. ფრიდრიხმა ცოლს, ელიზაბეტ კრისტინას ბერლინთან ახლოს შენხაუზენის სასახლე მისცა.

სასახლესთან ახლოს არის სურათების გალერეა, რომელიც ფრიდრიხ დიდის, დიდი კოლექციონერის პირადი შეკვეთით გააკეთეს. გალერეაში აღორძინების მხატვრები ფართოდ არის წარმოდგენილი – რუბენსი, ტიციანი, ვან დეიკი, ვატო, კარავაჯო…

ჯერ კიდევ სასახლის მშენებლობამდე ფრიდრიხმა განკარგა, რომ ყველაზე ზედა ტერასაზე დამკრძალავი კამერა გაეკეთებინათ, სადაც ის უნდა დაესვენებინათ. ერთხელ ტერასაზე სეირნობისას, მან ამ ადგილზე მიუთითა და თქვა: „მხოლოდ მაშინ, როდესაც აქ ვიქნები, საქმე არაფერი მექნება“. მიიჩნევა, რომ სწორედ ამის გამო განათავსეს სასახლეზე წარწერა „Sans souci“, რაც ფრანგულიდან ნიშნავს „უსაქმოდ ყოფნას“ (საქმე, სანერვიულო არაფერია).


სანსუსის პარკი
(Park Sanssouci)

ეს პოტსდამის შვიდიდან ყველაზე ცნობილი პარკია. თითქმის 300 ჰექტარზე მდებარეობს სასახლეები და ტაძრები, ხილის ბაღები და როზარიუმი, შადრევნები და მრავალი სკულპტურა. 1744 წელს აქ ჩაყარეს ვენახების ტერასები (თუმცა უნდა ითქვას, რომ კიბეების გასწვრივ სიმწვანე ლეღვის მცირე ზომის ხეებია). ტერასებს შორის 132-საფეხურიანი კიბეებია, რომელიც სასახლეს პარკთან აკავშირებს.
მთავარი ხეივანი 2.5 კმ-ია და სანსუსის ახალ სასახლესთან აკავშირებს.

ფრიდრიხ დიდის დროს პარკში გაჩნდა ახალი სასახლე, სურათების გალერეა, ჩინური ჩაის სახლი, ნეპტუნის მღვიმე, მეგობრობის ტაძარი, ანტიკური ტაძარი და ბელვედერი. ფრიდრიხ ვილჰელმ IV-მა დაამატა შარლოტენჰოფი, რომაული აბანოები, ნარინჯისფერი სასახლე და ფრიდენსკირხე, სადაც სამეფო დინასტიის მრავალი წარმომადგენელია დაკრძალული.

 

ჩინეთის ჩაის სახლი სანსუსის პარკის არქიტექტურულ ანსამბლში შედის. მე-18 საუკუნეში აგებული სახლი შინუაზრის (ჩინელები) სტილშია და სამყურას ფოთლის ფორმა აქვს. არის ღია ვერანდები, სახურავს ამშვენებს ჩინური მანდარინის ფიგურა. დაბლა დგას ადამიანების ქანდაკებები, რომლებიც ჩაის მიირთმევენ, მუსიკას უკრავენ, ჭამენ. გაფორმებულია პერლამუტრისა და მოოქრულ ფერებში.

 

ფრიდენსკირხე სანსუსის პარკში შესასვლელს წარმოადგენს. ტაძრის აგების გადაწყვეტილება 1845 წელს ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ მიიღო. ბუნებით რომანტიკულს სურდა, რომ ტაძარი იტალიური მონასტრების მიხედვით აეგოთ. შიდა ეზო გარეშე თვალისთვის სვეტებითაა დახურული, ცენტრს ამშვენებს ქრისტეს ფიგურა. შვიდ იარუსიანი სამრეკლო კამპანილას ფორმისაა.

შიგნით მე-13 საუკუნის მოზაიკაა, რომელიც მურანოდან (ვენეცია) ჩაიტანეს და ორი შიდა ეზო.
გვერდითაა ლამაზი აუზი, რომელიც საინტერესო ანსამბლს და ფოტოგრაფიისთვის რაკურსებს ქმნის.
ეკლესიაში მუდმივად ტარდება ორგანული მუსიკის კონცერტები (დასწრება უფასოა).

 

მარმარილოს სასახლე (Marmorpalais)
ადრეული კლასიციზმის სტილის სასახლე მდებარეობს პოტსდამის ახალ ბაღში წმინდა ტბის პირას. ააგეს 1787-1792 წლებში პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ II-ის ბრძანებით. 1990 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს (სანსუსის და სხვა სასახლეებთან ერთად).

კვადრატული შენობა წითელი აგურითაა ნაშენები. ფასადი მოპირკეთებული თეთრი და ნაცრისფერი სილეზიური მარმარილოთი. აქედან მოდის კიდეც სახელწოდება. შენობის თავზეა როტონდა, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლება.

რამდენიმე წლის შემდეგ სასახლე მცირედ მოეჩვენათ და 1797 წელს დაიწყეს გვერდითი ფლიგელების აგება. მარჯვნიდან და მარცხნიდან ერთსართულიანი მართკუთხა შენობებმა სასახლე გალერეებით შეაერთა, რომლის სვეტები ასევე მარმარილოთი გააკეთეს.

 

სესილიენჰოფის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ:
სესილიენჰოფი: ამბავი თუ სად და როგორ დაიწერა ევროპის მომავალი – პოტსდამის კონფერენცია პრუსიის უკანასკნელი პრინცის სასახლეში

 

მიუხედავად იმისა, რომ პოტსდამი არ არის დიდი ქალაქი, თითქმის წარმოუდგენელია მისი ერთ დღეში სრულად დათვალიერება. ჯერ მარტო თავად ქალაქი, შემდეგ ამდენი სასახლე, პარკები, ცალკე სესილიენჰოფი.

გარდა ზემომოყვანილი ღირსშესანიშნაობებისა, პოტსდამში ასევე აუცილებელი სანახავია:

ახალი სასახლე (Neues Palais)
ბელვედერის ციხესიმაგრე (The Belvedere)
ბაბელსბერგი (Filmpark Babelsberg)
ნარინჯისფერი სასახლე (Orangerieschloss)
პოტსდამის კინოს მუზეუმი (Filmmuseum Potsdam)
აინშტაინის კოშკი (Einsteinturm)

 

როგორ მივიდეთ ბერლინიდან

მატარებელი
პოტსდამი ფაქტობრივად ბერლინის გარეუბანია და ეს ქალაქები დაკავშირებულია S-Bahn-ის საქალაქთაშორისო ელექტრომატარებლების ქსელით. პოსტდამში მატარებლები მიდის სადგურ Potsdam Hauptbahnhof-ზე, დედაქალაქიდან კი შესაძლებელია S-Bahn-ის ნებისმიერი სადგურიდან გასვლა და ცენტრალური სადგურიდან Friedrichstraße. ორმხრივი ბილეთის ღირებულება 10.7 ევროა. ეს ბილეთი ძალაშია მთელი დღე და მოქმედებს ნებისმიერ ტრანსპორტზე ბერლინსა და პოტსდამში განუსაზღვრელი რაოდენობის გამოყენებით.
შეგიძლიათ ერთჯერადი ბილეთი შეძენა, რომელიც დაახლოებით 4 ევროა.

ელექტრომატარებლები დღე და ღამე დადიან დაახლოებით 10-წუთიანი ინტერვალით. გზას დაახლოებით 45 წუთი სჭირდება.


ვახტანგ დარასელია

პოტსდამი-თბილისი
ავტორის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები