LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულისტური და უშინაარსო – მინისტრთა კაბინეტი პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას აფასებს

81

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავარსარდლისგან არსებულ პრობლემებზე მეტად, შინაარსობრივ გამოსვლას ელოდნენ. მათი ნაწილი, პრეზიდენტის მოხსენებას პოპულისტურსაც უწოდებს.

“გულწრფელად, სამწუხაროდ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ. ველოდი უფრო შინაარსობრივ, ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებზე. უფრო შინაარსობრივს იმიტომ, რომ ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ და დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნაში. სამწუხაროდ, ეს იყო უფრო პოპულისტური გამოსვლა. განსაკუთრებით სამწუხაროა ეს ჩემთვის, ეს ბოლო გამოსვლა იყო. მეტს ველოდი შინაარსობრივ თემებზე საუბარს, მათ შორის ჩვენი მიმართულებითაც. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ობიქტური საუბარი არსებულ პრობლემებზე იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი,” – აცხადებს შს მინისტრი გიორგი გახარია.

რეგიონული განვითარების მინისტრის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლისას ხშირ შემთხვევაში არასწორი შეფასებები ისმოდა.

“სამწუხაროა, რომ ბევრ შემთხვევაში მოვისმინეთ არასწორი შეფასება, რბილად რომ ვთქვათ. თვითმართველობის დასუსტებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული შეფასებისას, სამწუხაროდ, პრეზიდენტს დაავიწყდა, ეთქვა, რომ სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს მივიღეთ თვითმმართველობის კოდექსი. ჩვენ გავაძლიერეთ თვითმმართველობის არჩევნები,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სოზარ სუბარი არ იზიარებს გიორგი მარგველაშვილის შეფასებას, რომ ახალმა კონსტიტუციამ უკან დაწია დემოკრატია.

“კარგია, რომ პრეზიდენტმა აღიარა, რომ 2012 წლამდე იყო გარღვევა ადამიანის უფლებების მიმართულებით. თუმცა, ვერანაირად ვერ გავიზიარებ მის შეხედულებას, რომ ახალმა კონსტიტუციამ უკან დაწია დემოკრატია, პირიქით, ახალი კონსტიტუციაა გარანტი იმის, რომ დემოკრატია გაძლიერდა ქვეყანაში,” – აღნიშნა დევნილთა და განსახლების მინისტრმა.

საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პრეტენზიები და ბრალდებები.

„მივესალმები ზოგადად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით დაფიქსირებულ პოზიტივს, მაგრამ ასევე ბრალდებები და პრეტენზიები, რომელიც იქნა გამოთქმული, ჩემთვის, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, რადგანაც, ჩვენ ძალიან კოორდინირებულად ვცდილობთ ვიმუშაოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან,” – აცხადებს მიხეილ ჯანელიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები