LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული ცოლ-ქმრის პირადი: „გელას ყველა სიტუაციაში უყვარს ჩემი განებივრება და გახარება…“

2163
გელა-დონაძე-&-ანუკი-ცქვიტინიძე

პოპულარული ცოლ-ქმარი, ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე აჩიკო ნიჟარაძესა და ნუცა ქირიასთან ერთად დედის დღეს „ოტიუმში“ გვეპატიჟებიან დაუვიწყარი ქართული მელოდიების კონცერტზე.

მომღერალი წყვილი მუდამ ერთადაა, სცენაზე და სცენის მიღმაც ჰარმონიას ეძებენ და აღწევენ კიდეც.

fortuna.ge-სთან მუსიკასა და პირად ურთიერთობებზე სიამოვნებით ისაუბრეს.

თქვენმა 14-წლიანმა ურთიერთობამ ბევრი ქარტეხილი გამოიარა, გყავთ ორი შვილი, რა არის თქვენი ოჯახური ცხოვრების მთავარი საიდუმლო? 

ანუკი:

რაც მთავარია და უპირველესი, ეს არის სიყვარული და მის გარეშე არაფერი გინდა. ჩვენი პროფესია – სიმღერა, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორია. ის, რომ ერთი საქმე გვაქვს, ერთად ვმღერით, ემთხვევა ხედვები, მუსიკისადმი სიყვარული და გემოვნება, ესეც აძლიერებს ჩვენს სიყვარულს…

გელა:

ჩვენ გვაერთიანებს სიყვარული, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში გავაღვივეთ და გავაძლიერეთ, მათ შორის, ჩვენს შვილებშიც.

გელა, ბოლო სიურპრიზი გაიხსენე, რომელიც ანუკის გაუკეთე. ვიცი, რომ ძალიან გიყვარს სიურპრიზები…

ჩვენი დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებთ ხშირად დასასვენებლად წასვლას, მაგრამ იანვარში მოვახერხეთ და ბარსელონაში გავემგზავრეთ დასასვენებლად, გასართობად და შოპინგისთვის.

ანუკი:

ჩვენს მეგობრებთან ერთად ვიყავით. დავისვენეთ, ვისეირნეთ და გელასგან მივიღე ბევრი საჩუქარი, გამიკეთა ბევრი სიურპრიზი… ყველა სიტუაციაში უყვარს ჩემი განებივრება და გახარება.

მე შემხვედრიხართ ხშირად, მაღაზიებში რომ დადიხართ ერთად შოპინგზე. გელა კომფორტული პარტნიორია ამ მხრივ?

მე ვარ ძალიან მორიდებული. როცა მაღაზიებში ვართ, მიჭირს გამოვხატო, რა მომწონს. გელა არის უფრო აქტიური, მირჩევს, მაძალებს ყიდვას და მერე ვხვდები, რომ მართალი იყო.

მეუღლის გემოვნებით იცვამ?

ჩვენი გემოვნება ემთხვევა. შესაძლოა, მე შევარჩიო, მაგრამ ვეჭვობდე, მინდა თუ არა. ამ შემთხვევაში, გელა მაძალებს და მერე კმაყოფილი ვარ ხოლმე.

 

გელა, ასეთი ჰარმონიული წყვილი ხართ, მაგრამ არ ჩხუბობთ ხოლმე? რომელია უფრო ფეთქებადი თქვენ შორის?

მე უფრო ფეთქებადი ვარ, ვიდრე ანუკა,  მაგრამ ბრაზი მალე გამდის, სხვათა შორის. მომენტალურად ვივიწყებ, გულში ჩადება არ ვიცი და მერე ვიცი ძალიან მოფერება…

ორი ხელოვანი ხართ ოჯახში. რომანტიკის ამბავი როგორაა?

ვოცნებობთ, სად გავიპაროთ ერთად. დროის პრობლემა გვაქვს. რომანტიკულები ვართ, რადგან სულ სიმღერაში და თვალების ბრიალში ვართ.

ბოლო პერიოდში თქვენი წყვილი გახდა სუპერპოპულარული. თქვენი ერთობა მუსიკაში მსმენელისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ელოდებოდით ამას?

ძალიან დიდი სიყვარული მივიღეთ ხალხისგან. ეს ძალიან გვახარებს და არის დიდი ბედნიერება, ვერ ვიტყვი, რომ ამას ველოდებოდით. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, ჩვენ თავს არ ვეკუთვნით. გვინდა, გავახაროთ ყველა ჩვენი მსმენელი, ქართველი ემიგრანტები გვწერენ დადებით კომენტარებს, რაც ასევე ძალიან გვახარებს.

ანუკი:

გელა სწორად ამბობს, ყოველ ჯერზე გვიხარია დადებითი კომენტარი, მოწონება ადამიანების მხრიდან, გამოხმაურებები ქუჩაში თუ მაღაზიაში. ბარსელონაში ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში ქართველი კონსულტანტი გამოგვეხმაურა, გვიცნო და მეუბნებოდა, ზუსტად გუშინ თქვენს სიმღერას ვუსმენდიო… სიყვარულს გამოხატავენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც და ეს ორმაგად სასიამოვნოა.

ერთმანეთის საუკეთესო თვისებები ჩამოთვალეთ…

გელა:

ანუკი არის ძალიან გაწონასწორებული ადამიანი, ძალიან ჭკვიანი და ძალიან ერთგული.

ანუკი:

გელა ძალიან ყურადღებიანი, მოხერხებული და ყოჩაღი ადამიანია, რაც მხიბლავს და ქარიზმატული, მომხიბვლელი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი