LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოპულარობა ძნელი ყოფილა“ – როგორ შეცვალა „ნეტფლიქსმა“ „კალმარის თამაშის” უხუცესი ვარსკვლავის ცხოვრება

960
page

„ნეტფლიქსის“ სამხრეთკორეული ჰიტის, „კალმარის თამაშის“ ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის, მოთამაშე 001-ის როლის შემსრულებელი, 77 წლის ო იონგ სუ სამშობლოში განსაკუთრებით პოპულარულია. სერიალის გამოსვლის შემდეგ მას არაერთ სხვადასხვაპროექტში მონაწილეობა შესთავაზეს, მათ შორის რეკლამებში, თუმცა ვეტერანი მსახიობი  ჯერჯერობით ახალ პროექტებში ჩართვას არ ჩქარობს.

„პოპულარობა ძნელი ყოფილა“– ამბობს სუ ინტერვიუში და დასძენს, რომ „კალმარის თამაშის“ გამოსვლის შემდეგ მასთან დაკავშირებას უამრავი ხალხი ცდილობს და ვინაიდან მას მენეჯერი არ ჰყავს, ფანებთან კონტაქტში თავისი ქალიშვილი ეხმარება.

„ახლა ყველაფერი ცოტა არ იყოს გართულდა. ადრე ჩვეულებრივ დავდიოდი, სადაც მინდოდა, ახლა კი იმაზეც უნდა ვიფიქრო, როგორ გამოვიყურები სხვების თვალში“, – ამბობს ო იონგ სუ ინტერვიუში.

77 წლის მსახიობი, რომელმაც სამსახიობო კარიერა 1963 წლიდან დაიწყო ამბობს, რომ უამრავი შემოთავაზების მიუხედავად, ახალ სერიალებსა თუ რეკლამებში გამოჩენას არ ჩქარობს.

„როდესაც ახალგაზრდა ხარ და მთაში სეირნობისას ყვავილს პოულობ, მას წყვეტ და თან მიგაქვს. ხოლო ჩემს ასაკში უკვე იცი, რომ უმჯობესია ეს ყვავილი იქ დატოვო, სადაც არის, რათა შემდგომში კიდევ დატკბე მისი სილამაზით. სწორედ ასე ვუყურებ ცხოვრებას. მიმაჩნია, რომ დიდი იყო თუ პატარა, ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ უკვე მოხდა და მირჩევნია იმით დავტკბე, რაც მაქვს, ვიდრე კიდევ უფრო მეტის მოპოვებას ვეცადო. გრანდიოზული ამბიციები არ მაქვს “, – ამბობს ვეტერანი მსახიობი.

ო იონგ სუმ ისაუბრა თავის ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზეც – „ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოების პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ მხოლოდ პირველებს ვცნობთ. თუკი პირველმა მეორეს აჯობა, ისე ვიქცევით, თითქოს მეორე უმნიშვნელო იყოს. არადა, აქე არიან მესამეებიც, რომლებსაც მეორეებმა აჯობეს. ასე რომ, თავისებურად ყველა შეიძლება გამარჯვებული იყოს“, – აცხადებს იგი.

უცნობი ფაქტები „კალმარის თამაშზე“ Squid Game – „ნეტფლიქსის“ კორეული ჰიტი მსოფლიოს იპყრობს

„კალმარის თამაში“  „ნეტფლიქსის“ ყველა დროის ყველაზე ყურებადი სერიალია. გამოსვლიდან ერთ თვეში სერიალი 142 მილიონზე მეტმა ადამიანმა  ნახა. ამ მაჩვენებლით „კალმარის თამაშმა“ თითქმის ორჯერ აჯობა წინა რეკორდსმენს, „ბრიჯერტონს“.

მხოლოდ კორეული დრამის სანახავად „ნეტფლიქსი“ 4.4 მლნ-მა ადამიანმა გამოიწერა. საერთო ჯამში მხოლოდ ამ ერთმა სერიალმა „ნეტფლიქსს“ 1.4 მლრდ. დოლარის მოგება მოუტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები