პოლონეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს მაისური, რომელიც გულის მდგომარეობას დღე-ღამის განმავლობაში გააკონტროლებს. საინტერესო ინფორმაციას Railly news ავრცელებს.
მაისურის შიდა მხარეს სპეციალისტებმა დაიტანეს მასალა, რომელიც გულის ბიომეტრიულ მონაცემებს რეალურ დროში დააკვირდება. ეს მონაცემები შემდეგ სპეციალური აპლიკაციით პაციენტის ექიმს გადაეგზავნება.
მაისურის ტარება 24 საათიანი კვლევის ჩვეულ მიდგომას შეცვლის და პაციენტებს იმ დიდ დისკომფორტს აარიდებს თავიდან, რაც მთელი დღის განმავლობაში სპეციალური მოწყობილობის ტარებას გულისხმობს.
მეცნიერთა თქმით, მაისურის გამოყენება მრავალჯერადად იქნება შესაძლებელი, გარეცხვის შემდეგაც კი. ამასთან, მისი ფასი ჩვეულებრივი მაისურის ფასთან შედარებით მხოლოდ 15-20%-ით მეტი იქნება.
ამ დროისთვის დაახლოებით 10 ასეთი მაისურია შექმნილი და თითოეულს დეტალურად ამოწმებენ. თუკი ტესტირება წარმატებით დასრულდება, მოწყობილობა გაყიდვაში 2 წლის შემდეგ ჩაეშვება.