LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოლონეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარია“ – ილია დარჩიაშვილი

137
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით პოლონეთის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ილია დარჩიაშვილმა ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ პოლონეთი ძლიერი მეგობარია:

„საქართველო და პოლონეთი ღირებული პარტნიორები და თანამოაზრე ქვეყნები არიან. ჩვენ არამხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, ასევე საერთო ინტერესები გვაერთიანებს.

ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება პოლონეთის უანგარო თანადგომა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. დაუვიწყარია საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ძალიან მადლიერები ვართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელების საქმეში პოლონეთი დღესაც გამორჩეულ როლს ასრულებს. მინისტრის საქართველოში ვიზიტი ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარია.

საუბრისას აქცენტი გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ, თანამშრომლობის ფარგლებში როგორ მოვახდინოთ ჩვენი მეგობრების უფრო მეტად მობილიზება ამ მიმართულებით. ასევე, შესაძლებლობა მქონდა, მესაუბრა რა რეფორმები გატარდა და რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით. ვიცით, რომ ძირითადი ნაწილი შესრულებულია.

აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ ეს პრიორიტეტები შევასრულოთ და საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ასევე ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კონკრეტული პირობების შესრულებასთან ერთად ევროკავშირთან ფართო პოლიტიკური ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესს ვაგრძელებთ“, – თქვა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 26 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ზბიგნევ რაუ ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს.