LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკური რეკლამა უფასოდ – ვინ ზარალდება?

139

უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ამის შესახებ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, უფასო მომსახურებას, მითუმეტეს სარეკლამოს, არ ცნობს ქვეყნის საგადასახადო კოდექსი. გარდა ამისა, როგორც კუპრაშვილი ამბობს, არცერთ განვითარებულ ქვეყანას არ აქვს უფასო სარეკლამო მომსახურების სერვისი პოლიტიკური პარტიებისათვის.

“უფასო პოლიტიკური რეკლამის ჩანაწერი არაკონსტიტუციურია, ვინაიდან არღვევს კერძო საკუთრებისა და სიტყვის თავისუფლებას, ვინაიდან არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მაუწყებლის საეთერო ბადის ფორმირებაში.  მაუწყებელი თავად უნდა წყვეტდეს, როგორ და როდის გაჭრის საეთერო ბადეს. ასევე უნდა ითქვას, რომ კანონპროექტი რაღაც ნაწილში მაუწყებლების მდგომარეობას აუმჯობესებს, ხოლო რაღაც ფორმით – აუარესებს. არ შეიძლება, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განკარგავდნენ პარტიები კერძო მაუწყებელთა ბადეში რა დროს გავა მათი პოლიტიკური რეკლამა.  მათ ახლა სურთ, რომ თავის თავზე მოირგონ კანონი, თუმცა არ ითვალისწინებენ იმას, რომ პრაიმტაიმში, დიდი დოზით პოლიტიკურ რეკლამას შესაძლოა უკუშედეგი ჰქონდეს, ვინაიდან ამდენი რეკლამით მაყურებელი შეწუხდება” – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები უმრავლესობის დეპუტატ ვახტანგ ხმალაძეს ეკუთვნის. კანონპროექტის მიხედვით, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებენ არამხოლოდ კვალიფიციური სუბიექტები, არამედ ყველა პარტია, რომელიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს.