„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, საზოგადოების მხრიდან გუშინდელ აქციაზე გაჟღერებული სამოქმედო გეგმისა და მოთხოვნების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „პოლიტიკური პარტიები უნდა შეიკრიბონ და დღის წესრიგი მიაშველონ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს“.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების მიერ ერთობლივი ქმედებების დაგეგმვა, აქციის ორგანიზატორებთან ერთად.
სამოქალაქო საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს
მორიგი აქცია პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება
„ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, 100 ათასი და 50 ათასი ადამიანი ყოველდღე არ იქნება ქუჩაში, ეს არც 2003 წელს ყოფილა და არც სხვა წლებში. აქციებს აქვს თავისი კულმინაცია, აქცია იწყება, როგორც ახლა დაიწყო 20 ივნისს, ძალიან სერიოზული რაოდენობით. შემდეგ არის სხვადასხვა აქტივობები დასაგეგმი. ერთობლივი ქმედებებია დასაგეგმი აქციის ორგანიზატორებთან ერთად. პოლიტიკურმა პარტიებმა თავისი საქმე უნდა გააკეთონ. არ ვლაპარაკობ, რომ მაინცდამაინც პოლიტიკური პარტიები აქ სცენაზე უნდა გამოვიდნენ და პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოდიოდნენ. პოლიტიკური პარტიები უნდა შევიკრიბოთ და ჩვენი მხრიდან, ჩვენი დღის წესრიგი მივაშველოთ ამ პროცესს, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
ოპოზიცია თუ იაქტიურებს და ოპოზიციური პარტიები თავის საქმეს გააკეთებენ, მეტ-ნაკლებად ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. ახლა ჩვენ თუ ექსპერიმენტების ჩატარება გვინდა, – ყველა ქვეყანაში, პოლიტიკურ პროცესში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული პოლიტიკოსები. თუ ჩვენ ახლის გამოგონება გვინდა, ერთხელ უკვე გამოვიგონეთ ახალი, როდესაც ოლიგარქი მოვიყვანეთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.