„ცრუობენ ჩვენი ოპონენტები, როდესაც ამბობენ, რომ ამ კანონით აიკრძალება მანიფესტაციები, აიკრძალება კარვების გაშლა და ა.შ. კანონში წერია ცალსახად და პირდაპირ რა შემთხვევაში იკრძალება რკინის კონსტრუქციების მოწყობა“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა. გადაცემაში „დღის თემა“ მათიკაშვილმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და ის მიზეზები ჩამოთვალა რა შემთხვევაშიც სამართალდამცველებს კარვის დაშლის ლეგიტიმური უფლება ექნებათ.
„რკინის კონსტრუქციების გაშლა აიკრძალება იმ შემთხვევაში, თუ ის სახელმწიფოს უსაფრთხოებას, საზოგადოების უსაფრთხოებას, თვითონ მომიტინგეების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ზოგადად კარვის მოწყობა არ არის აკრძალული. თუ არის ინფორმაცია, რომ მაგალითად კარავში გამოძიებისთვის გაურკვეველი პირების მიერ არის შენახული ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც იქნება გამოყენებული პროვოკაციის მოსაწყობად, ცხადია ეს იქნება ლეგიტიმური მიზეზი, რომ პოლიციამ მოითხოვოს კარვის დაშლა.
ლეგიტიმური მიზეზი ვერ იქნება პოლიციის მხრიდან კარვის დაშლა მაგალითად თუ ყინვაში გაშლილ კარავში ადამიანები არიან. ნებისმიერი კონკრეტული ქეისი იქნება პოლიციის მხრიდან ძალიან მკაფიოდ დასასაბუთებული. ეს ადმინისტრაციული აქტი საჩივრდება სასამართლოში. სასამართლოში მოუწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის მტკიცება, თუ რატომ ჩათვალა, რომ კონკრეტული კარავი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ეს კანონი არის აუცილებელი ინსტრუმენტი იმისთვის რომ პირველ რიგში თავად მომიტინგეთა უფლებები, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, “შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიიღებს. “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელების მიზეზად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადებაა დასახელებული.