LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციელს, რომელმაც „ტიკ-ტოკზე“ განთავსებულ ვიდეოში ლებრონ ჯეიმსზე იხუმრა, 300 000 დოლარი შეუგროვეს

117
policelabronnews

აიდაჰოელ პოლიციელს, რომელმაც  „ტიკ-ტოკზე“ განთავსებულ ვიდეოში ლებრონ ჯეიმსს დასცინა, GoFundMe-ზე უკვე 300 000 დოლარზე მეტი შეუგროვეს. პოლიციის ოფიცერ ნეიტ სილვესტერისათვის ფულის შეგროვება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისმა მეგობარმა საზოგადოებას ამცნო, რომ „ტიკ-ტოკზე“ განთავსებული  ვიდეოს გამო პოლიციელი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ათასობით ნახვა დააგროვა, პოლიციელი ფანჯრიდან ორ გამოგონილ პერსონაჟს ესაუბრება, რომელთაგან ერთი მეორეს დანით, მოსაკლავად მისდევს. ამის შემდეგ სილვესტერი ლებრონ ჯეიმსს „ურეკავს“ და ეკითხება რა გააკეთოს, როდესაც ერთი ფერადკანიანი ადამიანი მეორეს მოსაკლავად მისდევს.

„შენ ამბობ, რომ თუ შავკანიანი ადამიანი მეორე შავკანიანს მოკლავს, არა უშავს. მაგრამ თუ თეთრი პოლიციელი მოკლავს ერთ შავკანიანს მეორის გადასარჩენად, ეს დანაშაულია. როგორ უნდა მოვიქცე შენი აზრით“? – მიმართავს სილვესტერი ლებრონ ჯეიმსს, შემდეგ ტელეფონს თიშავს, მოჩხუბრებს წარმატებებს უსურვებს და შემთხვევის ადგილს ტოვებს.

აღნიშნული ვიდეოთი პოლიციის ოფიცერი ნეიტ სილვესტერი გამოეხმაურა ლებრონ ჯეიმსის მიერ „ტვიტერზე“ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავმა მას შემდეგ გააკეთა, რაც  პოლიციელმა 16 წლის მაკჰია ბრაიანტს ესროლა. ლებრონმა პოლიცია რასიზმში დაადანაშაულა, თუმცა მოგვიანებით ტვიტი წაშალა, რათა „სიძულვილის გავრცელებისათვის ხელი არ შეეწყო“.

16 წლის შავკანიანი გოგონას მკვლელობამ აშშ-ში ვნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა პოლიციის სამხრე კამერებიდან ამოღებული ჩანაწერი უჩვენებს, რომ  იმ მომენტში, როდესაც მაკჰია ბრაიანტს პოლიციელმა ესროლა, ის დანით იყო შეიარაღებული  და მეორე შავკანიანი გოგონას მოკვლას ცდილობდა.

„რა უნდა გააკეთოს ამ დროს პოლიციელმა“? – კითხულობს სილვესტერი თავის ვიდეოში, რომლის გადაღების გამოც იგი დასაჯეს და უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. სწორედ ამის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ოფიცრის დახმარება გადაწყვიტა და მისთვის ფულის შეგროვება GoFundMe-ზე დაიწყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები