არასრულწლოვნებზე ძალადობის მორიგი შემთხვევა იმ ოჯახში, სადაც ერთი ბავშვი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი უკვე გახდა.
სამართალდამცველებმა არკადი ძავაშვილი დააკავეს, რომელიც სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალია.
გამოძიება მის წინააღმდეგ სწორედ ოჯახში არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის მუხლით, სავარაუდოდ შვილების ინფორმაციის საფუძველზე არის დაწყებული.
საუბარია არკადი ძავაშვილისა და ლელა ქსოვრელის საერთო შვილების შესაძლო ცემაზე.
როგორც პროკურორი განმარტავს, თუ როდის არის გარდაცვლილი გოგონას ძმის სხეულზე დაზიანებები მიყენებული, ამას ექსპერტიზა დაადგენს, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას უკვე დანიშნული აქვს.
გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედას მეორე შვილისთვის მიყენებულ დაზიანებებსაც ედავებიან
ოთხი წლის გოგონა სანზონაში თებერვალში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ფაქტზე ამ დრომდე დაკავებულია ლელა ქსოვრელი. თავდაპირველად ის შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების ფარგლებში მას დამატებითი ბრალდება წარედგინა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ოთხი წლის ბავშვს დედამ თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიაყენა.