პოლიციამ მარნეულში გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც.
„პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა. სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.“,- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.