თუ პრეტენზია გაქვთ იმაზე, რომ გლობალური მოთამაშე იყოთ, არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ, არ უნდა დებდეთ ფსონს აგრესორზე, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო კანონი და წააგებს ომს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ჩინეთის მიერ წარდგენილ 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ეხმაურება.
„ეს არ არის შორსმჭვრეტელობა. ჩინეთო, „შესაძლებლობის ფანჯარა“ უსასრულო არ არის“, – წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, ომის ერთი წლის თავზე ჩინეთმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა წარადგინა. 12-პუნქტიანი ე.წ. სამშვიდობო გეგმა ასე გამოიყურება: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა; ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმა; საომარი მოქმედებების შეწყვეტა; სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლება; ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარება; მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვა; ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სტრატეგიული რისკების შემცირება; მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობა; ცალმხრივი სანქციების შეწყვეტა; საწარმოო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნება; პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობა.
თუ პუტინი ტაშს უკრავს, როგორ შეიძლება ის კარგი იყოს? – ბაიდენი ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე