გარემოს დაცვის სამინისტროში პლასტიკური ბოთლების მწარმოებელ და მომხმარებელ კომპანიებს ის ვალდებულებები გააცნეს, რომელთა განხორციელებაც მათ 2019 წლიდან მოუწევთ. საქმე ეხება მათ მიერ წარმოებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, აღდგენასა და გარემოსათვის უსაფრთხო ადგილას მათ განთავსებას.
როგორც ”ფორტუნას” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ამ ვალდებულებას “ნარჩენების მართვის კოდექსი” ითვალიწინებს, რომელიც ძალაში 2019 წლიდან შედის.
„ვინაიდან მსგავსი მოთხოვნები ქვეყნისთვის სიახლეს წარმოადგენს, დაგეგმილია მათი ეტაპობრივი დანერგვა. რაც შეეხება სანქციებს, რომლებიც კომპანიებს აღნიშნული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დაეკისრებათ, ამაზე ჯერ საუბარი არ მიმდინარეობს. ჯერ მხოლოდ ხელშეწყობაზე ვმუშაობთ. ჯარიმებსა და სანქციებზე უკვე კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ვიფიქრებთ,”- განაცხადეს გარემოს დაცვის სამინისტროში.
პროცესის გამარტივების მიზნით, სამინისტრო იწყებს საპილოტე პროგრამას ნარჩენი პლასტიკური ბოთლების მართვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებისთვის.