LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პლანეტა რიდმორი” – კონკურსი კითხვის მოყვარული სტუდენტებისთვის

397

სტუდენტური შემეცნებითი კონკურსის “პლანეტა რიდმორის” გამარჯვებული ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ნათია გოგიჩაიშვილი გახდა, ამის შესახებ კონკურსის მენეჯერმა, ნინო კალანდიამ,  განაცხადა. მან რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში პროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს გამარჯვებულმა გამომცემლობისგან “წიგნები ბათუმში”, საჩუქრად, 1000 ლარი მიიღო.

“შემეცნებით კონკურსს ორი პარტნიორი ჰყავს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”. კონკურსის პირობების მიხედვით, სტუდენტებს 2 თვის განმავლობაში 10 წიგნის წაკითხვა და ამ წიგნების მიხედვით მომზადებულ ტესტებზე პასუხების გაცემა ევალებოდათ. აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, ვინაიდან საწყის ეტაპზე 500-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 10 საუკეთესო ფინალში გადავიდა, რომლებმაც თსუ-სგან და გამომცემლობისგან “წიგნები ბათუმში” საჩუქრები მიიღეს” – განაცხადა ნინო კალანდიამ.

როგორც “პლანეტა რიდმორის” მენეჯერმა აღნიშნა, კონკურსის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ თორნიკე აბაშიძესა და მის მეგობარს ეკუთვნის და ის უკვე მესამე წელია ტარდება. ნინო კალანდიას თქმით, მომავალ წელს, იგეგმება საპრიზო ფონდისა და საპრიზო ადგილების რაოდენობის გაზრდა. მან არ გამორიცხა, რომ დიდი დაინტერესების გამო, შესაძლოა, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მიეცეთ კონკურსში მონაწილეობის უფლება.