LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი სწრაფი ელექტროდამტენები თბილისი-ბათუმის გზაზე განთავსდება

115

საქართველოში პირველი სწრაფი ელექტროდამტენები ავტობანზე დამონტაჟდება. დამტენი სადგურები თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე გამოჩნდება.

ელექტროდამტენების განთავსებას კომპანია e-space უზრუნველყოფს, სადაც აცხადებენ, რომ თბილისში დამონტაჟებული სადგურებისგან განსხვავებით, სწრაფად დამტენი სადგურებით სარგებლობა უფასო აღარ იქნება.

”ამ ტიპის დამტენი სადგური საქართველოში ჯერ არ არსებობს. ეს სულ სხვა სიმძლავრის დანადგარია და წარმოუდგენელია მისით უფასოდ სარგებლობა. დიდ თანხებთანაა დაკავშირებული მისი დამონტაჟება. აღნიშნული დასამუხტი სადგურით ელექტრომობილის სრულად დატენვა, დაახლოებით, 15-30 წუთშია შესაძლებელი ”, – განუცხადეს ”ფორტუნას” e-space-ში.

რაც შეეხება ვადებს, თუ როდის ისარგებლებენ ელექტრომობილების მფლობელები ავტობანზე სწრაფი დამტენი სადგურებით, კომპანიაში არ აკონკრეტებენ.  ”მოგეხსენებათ, დამონტაჟების პროცესი, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო, დროულად ვერ დასრულდეს, ან რაიმე შეფერხება იყოს. ამიტომ, მომხმარებლის მხრიდან უკმაყოფილება რომ არ იყოს, ვადების დაანონსებისგან თავს ვიკავებთ. როგორც კი დასრულდება მონტაჟის პროცესი, ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას მაშინვე მივაწვდით”, – განმარტავენ  კომპანიაში.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე პირველი სწრაფი ელექტროდამტენების გამოჩენა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები