საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედი” დამფუძნებელი ლევან ვასაძე „ალექსანდრეს ბაღში” მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. ლევან ვასაძეს შეკრებილები ტაშით შეხვდნენ.
ვასაძემ სიტყვით გამოსვლა მადლობით დაიწყო და საზოგადოებას ოჯახი გააცნო. ვასაძე შეკრებაზე მეუღლესთან და 8 შვილთან ერთად მივიდა.
„მე არ მოვსულვარ იმისთვის, რომ მორიგი ფუჭი დაპირებები გავცე – გითხრათ აგვირჩიეთ და ერთი ჯოხის აქნევით, გავა ორი – სამი წელი და ყველაფერი აყვავდება, ავფრინდებით, მერე კი გითხრათ, უიმე არ გამომივიდა, ერთხელაც მომეცით ამის საშუალება და მერე კიდევ ერთხელ“. – აცხადებს ვასაძე.
მისი თქმით, ფუჭი დაპირებების გაცემა ქვეყნის ისტორიაში არაერთხელ მოხდა.
„ეს არის ის, რისიც მე ყველაზე უფრო მეშინია და არ მინდა, ამიტომ ჩვენი პოლიტიკური, საზოგადოებრივი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველას გეპატიჟებით ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი იმ არასწორი იდეოლოგიისა და არასწორი პოლიტიკური სისტემის წყალობით, რომელშიც ის მოექცა ბოლო წლებში“, – განაცხადა ვასაძემ.
მან იმ შეცდომებზე ისაუბრა, რაც ყველა ჩვენგანმა დაუშვა სამშობლოს წინაშე.
„ჩემის ღრმა რწმენით პირველი შეცდომა რომელიც დავუშვით, მცდარი იდეოლოგია დაგვეუფლა ერთიანად, გველეშაპივით მოგვეხვია თითოეულ ჩვენგან, პირველი შეცდომა რაც ჩვენ იდეოლოგიურ საფუძველებში დავუშვით იყო განდგომა ჩვენი რაობისგან, იდენტობისგან და მცდარი დასახელება, რომ თურმე ადამიანის ეგოიზმი ყოფილა მთავარი და არა ადამიანის მოვალეობები ქვეყნისა და ოჯახის წინაშე“, – განაცხადა ვასაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ძალიან ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ხალხისგან განცალკევებით დგას.
„ჩვენ გვითხრეს, რაც უფრო მეტი პარტია იქნება შეყრილი პარლამენტში, მით უფრო კარგად წარიმართება ქვეყანა, შეხედეთ, ხალხო, რა ხდება?! პარლამენტი ქარვასლადაა გადაქცეული! გაუთავებელი იწილო-ბიწილო, ამ სხვადასხვა პარტიების გაუთავებელი ქიშპობა, ცილობა ერთმანეთში. ამ რაღაც კალეიდოსკოპს თვეებია ვუსმენთ და გვექმნება მკაფიო განცდა, რომ ამ ხალხს ჰგონია, რომ ხელისუფლება ცალკეა და ხალხი ცალკეა, ამაში ძალიან ცდებიან! მაპატიეთ და ეს პარტიული აჯაფსანდალი, როცა შემოჰქონდათ, მაშინ ვთქვით, რომ ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს. ამას ჩვენ და ჩვენი თანამოაზრეები ვამბობდით, არა ერთი და ორი წელია“. – განაცხადა ვასაძემ.
შეხვედრაზე დედაქალაქის მცხოვრებლებთან ერთად რეგიონებიდანაც არიან ჩამოსული მოქალაქეები იმყოფებიან.
უსაფრთხოების ზომების მიზნით ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.