პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება, მათ შორის 2 მოზარდია. ამის სესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა. ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ დროისათვის 99 პაციენტი იმყოფება, მათგან 83 კორონავირუსით ინფიცირებულია. რატიანის განმარტებით, ხუთ პაციენტზე კოვიდის უარყოფითი პასუხი განმეორებითმა ტესტირებამ აჩვენა. მისი ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული პაციენტები კლინიკას დღესვე დატოვებენ.
„უარყოფითი პასუხი მივიღეთ ხუთ განმეორებითზე და ხუთივე პაციენტი დატოვებს კლინიკას, მათ შორის ორი არის 14 და 15 წლის მოზარდი“, – განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება სხვა ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 30 აპრილის მონაცემებით, თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 75 პაციენტი, რვა ინფიცირებული კი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. ლევან რატიანის განმარტებით, გაუმჯობესდა 82 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც თანმხლები დაავადება – შაქრიანი დიაბეტი აქვს.
„რეამინაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი გვყავს. გუშინ გითხარით, რომ უარყოფითი დინამიკის გარეშეა. 82 წლის ქალბატონი, შაქრიანი დიაბეტით, ორივე ქვემო კიდურის ამპუტაციით და მიკრო ანგიოპათიის გამო გართულებული პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან. არის ადეკვატური, კონტაქტური, გემოდინამიკა, სუნთქვის პარამეტრები სტაბილურია, რჩება ოქსიგენ დამოკიდებული“, – განაცხადა რატიანმა.