თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ გიორგი მაღრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას – პატიმრობას მოითხოვდა. პროკურატურა მაღრაძის მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე საუბრობდა.
პროცესზე პროკურორმა აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე და თუ ბრალდებულის მიმართ არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, ეს ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას.