LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ადგილი ჩვენია: 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო თბილისის გრან პრიზე

95

ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა თბილისის ძიუდოს გრან პრის გათამაშება. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ბოლო საშეჯიბრო დღეს ტატამზე 13 ქართველი ძიუდოისტი, 12 ვაჟი და ერთი გოგონა ელენე ქებაძე გავიდა და ამათგან მედლისთვის 5 ძიუდოისტმა იჭიდავა. 90 კილოში უშანგი მარგიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ბრიტანელ მაქს სტიუარტთან ჩაატარა და ბოლო წამებზე ვაზარით მოუგო. ეს მარგიანისთვის გრან პრის ტურნირებზე მოპოვებული მე-4 მედალია.

100 კილოში ოთხივე ქართველი ძიუდოისტი ადრეულ ეტაპზევე დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლა ვეღარ შეძლო. ქართველმა მძიმეწონოსნებმა ბევრად უკეთ იასპარეზეს – გუგა კიბორძალიძემ და ლევან მატიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში იჭიდავეს. მატიაშვილმა შეხვედრა გაფრთხილებებით მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ადამ ოქრუაშვილმა ფინალური დაპირისპირება უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოსთან გამართა და მეტოქე ბოჭვაზე დაიჭირა და ჩემპიონი გახდა. ოქრუაშვილმა გრან პრის ტურნირებზე მე-4 ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ქალთა შორის, მძიმეწონოსანთა შეჯიბრში ელენე ქებაძემ ორი გამარჯვების შემდეგ, ნახევარფინალური შეხვედრა ბელარუს მარინა სლუცკაიასთან დათმო. ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში კი შიგეტვარ მერსედესთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს მორიგი შეჯიბრება 7-9 აპრილს ელის, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, სადაც ასევე გრან პრის გათამაშება გაიმართება. 20-23 აპრილს კი ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი, ვარშავაში ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები