9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
ყველაფერი კი 1988 წლიდან დაიწყო…
ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში 1988 წლისთვის უფრო გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების საბჭოთა კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს. მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ.
აქციების 30 წელი – რას აპროტესტებს ქართველი კაცი?
საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 5 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა, რომლებთაც ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები), მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს, აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.
ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე დედაქალაქში და ვეღარ აცხრობდა საპროტესტო აქციებს.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
9 აპრილის ერთვარ სიმბოლოდ ტიტები იქცა.
30 წლის განმავლობაში წელს პირველად ღამის 4 საათზე, მოსახლეობას ყვავილებით არ შეუმკია 9 აპრილის მემორიალი. მიზეზი კომენდანტის საათია.
„საშიშროება დიდია, გთხოვთ, ყველამ გადავინაცვლოთ წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაში და ვილოცოთ“, – მიმართა პატრიარქმა მომიტინგეებს.
მომიტინგეებმა პატრიარქს არ დაუჯერეს.
საშიშროება ახლაც დიდია…