შოტლანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქალებისთვის უფასო ტამპონებისა და საფენების უფლება დააკანონა. 2020 წელს მირებული კანონი ძალაში ახლახან შევიდა.
კანონის სახელწოდებაა მენსტრუალური პერიოდის პროდუქტების აქტი (Period Products Act) და ის ადგენს, რომ დაბალი შემოსავლების მქონე ქალებისთვის უფასო ჰიგიენური საშუალებები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და სასწავლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ.
კანონში ნათქვამია, რომ ჰიგიენური საშუალებები არა მხოლოდ უფასო უნდა იყოს, არამედ ქალებს კეთილგანწყობილ გარემოში უნდა გადაეცეს, რომ მათი ღირსების გრძნობა არ შეილახოს.
კვლევების თანახმად ეს მომენტი განსაკუთრებით მწვავეა 14-21 წლის ასაკის გოგონებში. მათთვის ჰიგიენის პროდუქტების ყიდვა სირცხვილთან და ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან არის დაკავშირებული.
კანონპროექტის ავტორი ლეიბორისტი დეპუტატი ქალი მონიკა ლენონი იყო, რომელიც 2017 წლიდან ატარებდა კამპანიას “მენსტრუალური სიღარიბის“ წინააღმდეგ.
ჯერ კიდევ პანდემიამდე ახალგაზრუდლმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა Young Scot და Hey Girls გამოკითხვა ჩაატარეს 2000 ქალის მონაწილეობით და გაარკვიეს, რომ სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გოგონების მეოთხედისთვის შოტლანდიაში პრობლემურია ყოველთვიურად აუცილებელი ჰიგიენური საშუალებების შეძენა.
მთლიანობაში, დიდ ბრიტანეთში ტამპონების და საფენების მაღალი ფასის გამო გოგოების დაახლოებით 10%-ს არ შეუძლია ამ პროდუქტის ყიდვა, 15%-ს უჭირს ყიდვა, 19% კი მათ ნაცვლად სხვა ხელმისაწვდომ საშუალებებს იყენებს.
“ამაყები ვართ, რომ მსოფლიოში პირველი მთავრობა ვართ, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა შოტლანდიის სოციალური სამართლიანობის მინისტრმა, შონა რობინსონმა.