საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი ჯავშანმანქანებით აღიჭურვა.
ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავდაცვის ძალები ადგილობრივი წარმოების ჯავშანტექნიკით მომარაგდა.
აღჭურვილობა შედგება სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორის“, მათ შორის „დიდგორი მედევაკისა“ და მრავალფუნქციური დანიშნულების სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანისგან.
ჯავშანმანქანა „დიდგორების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული სამხედრო მრეწველობის განვითარების მაქსიმალური მხარდაჭერა და თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა, უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული.
„დიდგორი“ კი მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად არის განკუთვნილი.
40-მდე „დიდგორის” ტიპის სამედიცინო და მრავალფუნქციური დანიშნულების ჯავშანმანქანა თანამედროვე და მაღალი სტანდარტების მიხედვით არის აწყობილი.