LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პირველ რიგში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმედს და ბრძოლის უნარს, პაციენტი მკურნალობას საბრძოლო განწყობით უნდა შეუდგეს“ – ქეთევან დათუნაშვილი ონკოლოგიურ პაციენტებზე

3206
ქეთევან-დათუნაშვილი

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ კლინიკური ონკოლოგი, „გერმანული ჰოსპიტალის“ ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ქეთევან დათუნაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ონკოლოგიურ პრობლემებზე, სკრინინგის და კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე, ონკოლოგიური მიმართულებით არსებულ სიახლეებზე, მკურნალობის მეთოდებზე და სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა და მსმენელს არაერთი საჭირო რეკომენდაცია გაუზიარა.

ქეთი, დღესდღეობით ხშირად გვესმის ფრაზა – „კიბო განაჩენი არ არის“, თქვენთვის, როგორც პრაქტიკოსი ექიმისთვის, რას გულისხმობს აღნიშნული ფრაზა და იმიტომ ხომ არ დაინერგა ეს სლოგანი, რომ იმდენად შეიცვალა მიდგომები ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის მხრივ, რომ ჩვენ უფრო მეტად ოპტიმისტები შეგვიძლია ვიყოთ?

აქ უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როდის უნდა მივიჩნიოთ კიბო განაჩენად. ერთმნიშვნელოვნად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადება უფრო მარტივად შეგვიძლია, რომ ვმართოთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ეტაპზე ხდება დაავადების აღმოჩენა. ამიტომაც არის, რომ ძალიან ხშირად, ზოგჯერ მომაბეზრებლადაც ვსაუბრობთ სკრინინგზე, ექიმთან ხშირად ვიზიტზე. ადრეულად დიაგნოსტირებული ნებისმიერი დაავადების დროს უფრო მარტივად მიიღწევა სრული გამოჯანმრთელება ან ხანგრძლივი რემისია და ასეთ შემთხვევაში კიბო ნამდვილად არ არის განაჩენი, თუმცა ამას უკვე ვეღარ ვიტყვით შორს წასულ სტადიაზე, დაავადების შორს წასულ ეტაპზე, როდესაც უკვე სხვადასხვა ორგანოებზეა მეტასტაზები გავრცელებული, რაც ერთმნიშვნელოვნად დაავადების გავრცელებას ნიშნავს. ასეთ დროს კი ნამდვილად ვერ გამოვიყენებთ აღნიშნულ ფრაზას და ვერ ვანუგეშებთ პაციენტებს. ზუსტად ამიტომ არის საჭირო ექიმთან ხშირი ვიზიტი, პაციენტმა არცერთი ჩივილი არ უნდა გადადოს მეორე ეტაპზე, არ უნდა დაელოდოს იმას, რომ ეს ჩივილი თავისით გაივლის, არ უნდა დაეკითხოს, მაგალითად, მეზობელს და ა.შ. ყოველთვის ჯობია მიმართოთ სპეციალისტს, რომ დროულად და ზუსტად იქნას აღმოჩენილი ნებისმიერი დაავადება, რადგან ეს გამოჯანმრთელების საწინდარია.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსაც აქვს განსაზღვრული სკრინინგ პროგრამები სხვადასხვა სიმსივნეების ნაადრევად აღმოჩენის კუთხით და ადამიანები ხშირად კითხულობენ, თუ რა ასაკიდან მოუწოდებენ ექიმები მათ სკრინინგის ჩატარებას… ალბათ, ეს ასაკიც გაწერილია ხომ გაიდლაინებში?

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. პირობითად, შეიძლება იყოს სიმსივნე, რომელსაც 35-50 წლის ასაკში ახასიათებს აღმოცენება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 25 წლის ადამიანს არ შეიძლება დაემართოს, ამიტომ ვამბობთ, რომ ნებისმიერ ჩივილს უნდა მიექცეს ყურადღება.

მინდა აღვნიშნო, რომ ექიმთან გეგმური ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ეტაპზეც, როცა პაციენტს არაფერი აწუხებს. წელიწადში თუნდაც ერთხელ საკონტროლო კვლევების ჩატარება გაცილებით უფრო გაამარტივებს როგორც დაავადების აღმოჩენას, ისე მართვას. საუბარი მაქვს არა მხოლოდ ონკოლოგიურ დაავადებებზე, არამედ ნებისმიერზე.

საქართველოში დაავადების დიაგნოსტირებისთანავე პაციენტები უმალ იღებენ სხვა ქვეყნებში, თურქეთში, გერმანიაში და ა.შ. დიაგნოზის გადამოწმების და მკურნალობის დაგეგმვის გადაწყვეტილებას, ამ კუთხით როგორია თქვენი რეკომენდაცია?

საბედნიეროდ, ძალიან ხშირად როგორც დიაგნოზი, ისე მკურნალობის ტაქტიკა ერთმანეთს ემთხვევა. იმის თქმა შემიძლია, რომ არაფერი იმაზე ახალი პაციენტს უცხოეთში არ დახვდება, ვიდრე არის საქართველოში, რადგან დღესდღეობით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. როგორც მე, ისე ჩემი კოლეგები მუდმივ რეჟიმში ვახდენთ ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებას, ვესწრებით კონფერენციებს, საერთაშორისო გაიდლაინების ფეხდაფეხ ვგეგმავთ მკურნალობას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში არსებობს ბევრი ისეთი მედიკამენტი, რომელიც მკურნალობისას ძალიან კარგ შედეგს იძლევა, მაგალითად, იმუნოთერაპიები, ქიმიო-ჰორმონოთერაპიები. შესაბამისად, საქართველოში სრული ონკოლოგიური მომსახურების მიღება სრულიად შესაძლებელია და ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, თუმცა კარგი და ცუდი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება დახვდეს ადამიანს. ის, რომ თურქეთში კიბო განაჩენი არ არის და იქ პაციენტი დაამარცხებს ამ დაავადებას, ეს აბსოლუტური მითია. ნებისმიერ ქვეყანაში სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ეტაპზე ჩადის პაციენტი სამკურნალოდ. შორს წასულ ფორმას იქაც და აქაც არაკეთილსაიმედო პროგნოზი აქვს.

ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვიჭირავს ხელში, ამაზე გამოჯანმრთელებული პაციენტების სტატისტიკაც მეტყველებს. პაციენტებს მკურნალობის ეტაპზე ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ, მათ ძალიან აქტიურად ეხმარება ჩვენი მთავრობა, რადგან ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა უფასოა, პირველი ეტაპი მაინც. პაციენტი უსახსრობის გამო მკურნალობის გარეშე არ რჩება. პირველი – მეორე რიგის მედიკამენტები, სრული მომსახურება, მკურნალობის შემდგომი გართულებების მართვა პაციენტისთვის აბსოლუტურად უფასოა და უსახსრობა მკურნალობის დაწყების დამაბრკოლებელი არ არის, რაც აღსანიშნავი ფაქტია.

რა არის ის სიმპტომები, რაც სიმსივნეს ახასიათებს და რომელთა უგულებელყოფაც უბრალოდ არ შეიძლება?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრ დაავადებას შეიძლება ახასიათებდეს მსგავსი სახის სიმპტომები და აქედან გამომდინარე, არ მინდა, რომ ამ სიმპტომებით მოსახლეობა შევაშინოთ. მაგალითისთვის, წონაში ძალიან დიდი ციფრებით კლება, სიმსივნის გარდა ძალიან ბევრ სხვა დაავადებასაც ახასიათებს, თუნდაც, დიაბეტს, ენდოკრინულ პრობლემებს და ა.შ. ასევე კუჭის ტკივილი შეიძლება ახასიათებდეს როგორც კეთილთვისებიან პრობლემებს, ისე ავთვისებიანს და თქვენ, წარმოიდგინეთ, რამდენ ადამიანს შეიძლება სტკიოდეს კუჭი, თუნდაც უმნიშვნელო მიზეზის გამო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სიმპტომების ჩამოთვლა სასურველი არ არის, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს შევაშინებთ. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც რაიმე სახის ჩივილი წამოვა, აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს. ამის შემდეგ უკვე ოჯახის ექიმი დაგინიშნავთ გაღრმავებულ კვლევებს, რის შედეგადაც დაისმება დიაგნოზი.

თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყება, რადგან ამ დროს უფრო მარტივად ხდება გამოჯანმრთელება, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საკმაოდ მძიმე პაციენტიც მისულა რემისიამდე და ხანდახან გამოჯანმრთელებამდეც კი. რაზეა დამოკიდებული მოერევა თუ არა პაციენტი რთულ სტადიამდე მისულ პროცესს?

როგორც აღვნიშნეთ, ნებისმიერი ადამიანის ონკოლოგიური პრობლემის მართვა აბსოლუტურად ინდივიდუალური, ერთმანეთისგან განსხვავებულია. როგორც მკურნალობის პროცესი, ისე მკურნალობის შემდგომი გართულებები ყველა პაციენტთან აბსოლუტურად სხვადასხვანაირად მიდის. ეს არ არის დამოკიდებული რომელიმე კონკრეტულ მედიკამენტზე, რომელიმე კონკრეტული ორგანოს სიმსივნეზე… აბსოლუტურად ინდივიდუალურია თითოეული პაციენტის როგორც მკურნალობის დაგეგმარება, ისე მკურნალობის სრული პროცესი გამოჯანმრთელებამდე.

ვინ მიეკუთვნება სიმსივნით დაავადების რისკ ჯგუფს?

რა საკვირველია, ფილტვის კიბოს მაღალ რისკ ჯგუფში შედიან ადამიანები, რომლებიც არიან მწეველები. არ არის საჭირო იყო ონკოლოგი, რომ ეს იცოდე. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ თამბაქოს მოხმარება ფილტვის კიბოს განვითარების ძალიან მაღალი რისკია. ძალიან მაღალი რისკია, როცა არის გენეტიკური წინასწარგანწყობა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევაში. არსებობს სიმსივნის რამდენიმე სახეობა, სადაც გენეტიკურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში ცხოვრების არასწორი წესი არის ონკოლოგიური დაავადებების მაპროვოცირებელი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ერთ-ერთი მაპროვოცირებელია როგორც ღვიძლის, ისე სანაღვლე სადინარების, პანკრეასის სიმსივნეების.

ცხოვრების ჯანსაღი წესი ნამდვილად ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ თავი ავარიდოთ ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის აღნიშნულის საწინდარი.

როცა უკვე გვაქვს დიაგნოზი და ვიწყებთ პაციენტის მკურნალობისთვის მომზადებას, რა არის ის მთავარი, რითაც ამ ყველაფერს ვიწყებთ და რაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დავიწყებთ მკურნალობას?

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის და ექიმის ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, რაც თავის მხრივ, მეგობრულ ურთიერთობასაც გულისხმობს. მკურნალობის დაწყების წინ უნდა მოხდეს პაციენტის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური მომზადება, რადგან დღესდღეობით პაციენტებში მაინც არის მკურნალობის დაწყების ძალიან დიდი შიში. ბევრჯერ უკითხავთ, მკურნალობა უფრო უარესი ხომ არ არის, უთქვამთ, ჩემმა მეზობელმა დაიწყო მკურნალობა და ვერ გადაიტანა და ა.შ. პაციენტს ერთმნიშვნელოვნად უნდა აუხსნა, თუ რა ეტაპები აქვს გასავლელი, რა სარგებელს ველოდებით, რა არის რისკი, რა არის გართულება. ამის შემდეგ პაციენტი უფრო მარტივად იღებს ნებისმიერ იმ გართულებას, რაც შეიძლება ახლდეს ონკოლოგიური დაავადების მკურნალობას.

როდესაც ყველანაირი კვლევა ამომწურავად მოიყრის თავს და პაციენტის დიაგნოზი დასმულად ჩაითვლება, ჩვენ უკვე ვიწყებთ მულტიდისციპლინარული ბორდის შეკრებას. ძალიან საბედნიეროა, რომ ამ ბოლო დროს, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ ძალიან აქტიურად არის დანერგილი მულტიდისციპლინარული ბორდის შეკრება, რა დროსაც ხდება პაციენტის მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის დაგეგმარება. როდესაც პაციენტის სრული დიაგნოზი უკვე ნათელია, ვიწყებთ მკურნალობის სქემის შერჩევას, რომელიც მიესადაგება მის დაავადებას, მორფოლოგიურ სტატუსს, გავრცელების სტატუსს. დაავადების სტადიურობის გათვალისწინებით ირჩევა საერთაშორისო პროტოკოლებით მოწოდებული გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც პაციენტის მკურნალობა იწყება. მოგეხსენებათ, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა ძალიან ხანგრძლივი, რუტინული პროცესია და ესეც აუცილებლად წინასწარ უნდა იყოს პაციენტთან შეთანხმებული.

შემდგომ, რაღაც ეტაპებზე უკვე კეთდება გარკვეული კვლევები, რა დროსაც ჩვენ ვაფასებთ მიღებულ შედეგებს, ვწყვეტთ ღირს იმ კონკრეტული სქემით მკურნალობის გაგრძელება თუ მისი შეცვლა უმჯობესია. საბედნიეროდ, ძალიან ხშირად ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ, რაც ძალიან უხარია როგორც პაციენტს, დამერწმუნეთ, ისე ექიმს. ხანდახან, სანამ პაციენტს იმ კარგ შედეგს ვაცნობებთ, ემოციებისგან ხმაც კი გვიკანკალებს, იმდენად გვიხარია. ძალიან ბევრი უძილო ღამე გვქონია მეც და ჩემს კოლეგებსაც, როდესაც ვიცით, რომ მეორე დღეს პაციენტის კონტროლი გვიწევს. არის აქ გარკვეული ემოციური ფაქტორები და სულ იმას ვამბობ, რომ ონკოლოგია მედიცინის აბსოლუტურად ცალკე დარგია, რომ ის, ასე ვთქვათ, მორალის დარგია.

ბრძანეთ, რომ პაციენტებს ხშირად აქვთ მკურნალობის დაწყების შიში და როგორც ვხვდები, ეს შიში ძირითადად ქიმიოთერაპიის დაწყებას უკავშირდება, რადგან როგორც ვიცით, ამას თავისი გარკვეული უკუჩვენებები შეიძლება ახლდეს. ვიცი, რომ წლების წინ ეს უკუჩვენებები გაცილებით უფრო მძიმე იყო. დღეს ხანდახან ისე მიდის მკურნალობის პროცესი, რომ პაციენტი ჩვეულებრივ გამოდის ქუჩაში, უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ სტილს, ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, რაც ადრე შეუძლებელი იყო. ეს მედიკამენტების დამსახურებაა თუ რაზეა დამოკიდებული, შეიძლება, რომ კონკრეტული ქიმიოთერაპიის მერე, შედეგი, სიმპტომატიკის თვალსაზრისით, მაინც საკმაოდ მძიმე იყოს?

ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ პაციენტებში დღემდე მოდის ქიმიოთერაპიის შიში, რასაც უსაფუძვლოს ერთმნიშვნელოვნად ვერ დავარქმევთ, რადგან არსებობს ისეთი სქემები, რომელთა გამოყენების დროსაც პაციენტი ისე ვერ გრძნობს თავს, როგორც ჩვეულებრივ არის მიჩვეული. არის ძალიან ბევრი გართულება, თუმცა აბსოლუტურად ყველა ქიმიოთერაპიის გართულება ხშირ შემთხვევაში ძალიან მარტივად სამართავია. დღესდღეობით მედიკამენტები აბსოლუტურად შეცვლილია ხარისხობრივად, მათ გაცილებით ნაკლები გვერდითი ეფექტები ახასიათებთ, ვიდრე 10-15 წლის წინ ახასიათებდათ. აქედან გამომდინარე, დღეს გაცილებით უფრო მარტივია ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებების მართვა, ვიდრე ეს აქამდე იყო. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ  საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მართვა ნამდვილად გამარტივებულია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის ანალიზის ხშირ კონტროლს, რადგან ძალიან ხშირად ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულება ჰემატოლოგიური კუთხით ვლინდება, მაგალითად, ანემიებით, ლეიკოპენიებით, თრომბოციტოპენიებით… სისხლის ანალიზის ხშირ კონტროლს შეუძლია, რომ თავიდან ძალიან სერიოზული გართულებები აგვარიდოს.

არსებობს თუ არა უფრო რთულად და უფრო მარტივად სამართავი სიმსივნეები?

რა საკვირველია, არსებობს, თუმცა თავს შევიკავებ კონკრეტული ორგანოების დასახელებისგან, რადგან, ალბათ, ბევრი ისეთი ადამიანი გვისმენს, ვისაც რთულად სამართავი ორგანოს პრობლემა აქვს და ნამდვილად არ მინდა, რომ დავაშინოთ და იმედი გავუქარწყლოთ. უბრალოდ, აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დროულად აღმოჩენილი სიმსივნე, თუნდაც ძუძუს, პროსტატის, გამოჯანმრთელების ძალიან მაღალ პროცენტს იძლევა.

მკურნალობის დაწყებიდან რა პერიოდში, როდის ელით პირველ შედეგებს?

გვაქვს ჩვენი პატარ-პატარა ხრიკები, რომელთა მეშვეობითაც მკურნალობის დაწყებისთანავე უკვე ვხვდებით დაახლოებით რაზეა საუბარი, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას პაციენტებთან არ ვაჟღერებთ. ძირითად შემთხვევაში, სამი გადასხმის შემდგომ უკვე ხდება პაციენტის კონტროლი და შედეგზე საუბარი. პაციენტის შეფასება რადიოლოგიური თვალსაზრისით და ლაბორატორიული კუთხით ხდება და საბედნიეროდ, ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვაბედნიერებს და ძალიან იმედის მომცემია. ეს განსაკუთრებით იმედის მიმცემია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც უფრო დეპრესიული მიდგომა და დაავადების მიუღებლობა აქვთ. პაციენტები ძალიან ხშირად მეგობრდებიან, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რამდენია პროცედურის დასაშვები რაოდენობა გაიდლაინის მიხედვით?

აბსოლუტურად სხვადასხვაა… ძირითად შემთხვევაში საუბარია 6 პროცედურაზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტიც არის ხოლმე. აღსანიშნავია, რომ თუ პაციენტთან სასურველ შედეგს ვერ ვიღებთ, აუცილებლად იცვლება მკურნალობის სქემა და ხშირ შემთხვევაში ამიტომ არის ხოლმე გამარჯვებისკენ ძალიან გრძელი გზა.

მიდის თუ არა ახლა რაიმე ისეთ სიახლეზე მუშაობა, რამაც მომავალში შეიძლება ძალიან დიდი გარღვევა მოახდინოს?

რა თქმა უნდა. მაგალითისთვის, ახლა ბევრი ისეთი მედიკამენტია ყოველდღიურობაში ხელმისაწვდომი, რომელიც ძალიან კარგ შედეგებს დებს და რომლის გამოყენების ფუფუნებას ვერც კი წარმოვიდგენდით. ონკოლოგია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი დარგია, ყოველდღიურად ძალიან დიდი ნაბიჯებია ახალი მედიკამენტების შექმნაში და ა.შ. და ეს ყველაფერი ძალიან იმედის მომცემია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ძალიან მაღალი ხარისხის მქონე ონკოლოგიური მედიკამენტებით ვისარგებლოთ და ამას რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით. ძალიან  მჯერა, რომ ეს ის დაავადება იქნება, რომელზეც მყარად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვიტყვით, რომ კიბო განაჩენი არ არის.

რა არის თქვენი მთავარი რჩევა პაციენტებისთვის?

ჩემი მთავარი რჩევაა განეწყონ იმისათვის, რომ ყველაფერი გააკეთონ თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად. მიენდონ ექიმს, აუცილებლად გაითვალისწინონ მისი რჩევები. იყვნენ ძალიან ხშირ კომუნიკაციაში ექიმთან, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პაციენტმა არ უნდა დამალოს არცერთი სიმპტომი და თავად არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგალითად, არის მედიკამენტები, რომლებიც სახლში ინიშნება დასალევად და ხშირად პაციენტები თვითნებურად არ იღებენ ამ მედიკამენტებს… ამას ექიმი აუცილებლად მიხვდება, თუმცა ეს პაციენტისთვის საბედისწერო იქნება. პირველ რიგში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმედს და ბრძოლის უნარს. პაციენტი მკურნალობას საბრძოლო განწყობით უნდა შეუდგეს. პაციენტი ამ ყველაფრისთვის ექიმმა უნდა განაწყოს.