LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველ რეპეტიციაზე ისე ვღელავდი, სადირიჟორო ჯოხი ვერც კი დავიჭირე, შემეშინდა ხელიდან არ გამვარდნოდა – ნიკოლოზ რაჭველი ბიორკის გაცნობის ისტორიას იხსენებს

179
Untitled design (47)

21 ნოემბერს ისლანდიელი მომღერლისა და მუსიკოსის ბიორკის დაბადების დღეა.

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი ბიორკის გაცნობის ისტორიას იხსენებს:

„პირველად მაშინ აღმოვაჩინე, როდესაც ჯერ კიდევ მაგნიტოფონის კასეტების ეპოქა იყო… რუსო სტრელკოვამ მომასმენინა სიმღერა მისი ალბომიდან “დებიუტი”, 1996 წელს, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად პირველ დამოუკიდებელ საკონცერტო პროგრამას ვამზადებდით. მაშინ 16 წლის ვიყავი და კლასიკური თუ ჯაზის სტანდარტების მიღმა მუსიკალური ჟანრების სამყაროს თითქმის არ ვიცნობდი.

მაშინვე შევიტანეთ პროგრამაში მისი სიმღერა და გრიბოედოვის თეატრში სცენაზე ავაჟღერეთ. 3 წლის შემდეგ ვენაში გავემგზავრე სასწავლებლად და ამავე წელს გამოვიდა კინოთეატრებში ლარს ფონ ტრიერის “სიბნელეში მოცეკვავე”, სადაც ბიორკი არამხოლოდ კომპოზიტორი, არამედ მთავარი როლის შემსრულებელია. არც კი მახსოვს რამდენჯერ დავესწარი ჩვენებას, ვენის კინოთეატრის თანამშრომლები უკვე კარგად მცნობდნენ და თბილად მეგებებოდნენ.

მერე იქვე ევროპაში მოვიპოვე ვიდეო კასეტა და თბილისში ჩამოვიტანე, სოფოკო ჭიაურელს მოველაპარაკე და მასთან სახლში, უფროსწორედ ვერიკოს სახელობის თეატრის სივრცეში დიდი ტელევიზორის მეშვეობით ჩვენება მოვაწყვე და 50-მდე მოწვეული მაყურებლის აცრემლებული თვალებით ვტკბებოდი. შოკი იყო ყველასათვის, მუსიკაც და მისი თამაშიც, კანშიც დაუფასეს და ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი პრიზით დააჯილდოვეს. ამასობაში შევაგროვე მისი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების სრული კოლექცია, ვიძენდი პოსტერებს და წიგნებს, სადაც მისი ფოტოები იბეჭდებოდა, სადაც მასზე თუნდაც ერთი აბზაცი ეწერა…

გავხდი “ფანი” ანუ თაყვანისმცემელი კლასიკური გაგებით. შემიძლია სრული გულწრფელობით ვთქვა, რომ 2002-2003 წლებში ჩემს მიერ ნატო მეტონიძისთვის გაორკესტრებული ალბომი გია ყანჩელის მუსიკით სრულიად არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის, რომ არა უზარმაზარი გავლენა ისლანდიელი გენიოსის მუსიკალური აზროვნებისა!

გავიდა წლები და ნინო ქათამაძის მამიდაშვილმა, მეტსაზელად ხოშტრიკამ, უსაყვარლესმა ადამიანმა მოულოდნელად მომწერა, რომ ჩემი საყვარელი არტისტის თბილისში ჩამოსვლა იგეგმებოდა “სოუ” ფესტივალის ფარგლებში და სანდრო ლომინაშილმა გადაწყვიტა თანხლება ჩვენს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს გაეწია მისთვის. რა დამემართებოდა ხომ წარმოგიდგენიათ…

ძალიან მალე ასეც მოხდა, ჯერ პარტიტურები და სანოტო მასალა მივიღეთ, გავარჩიეთ, ვირეპეტიციეთ და ამასობაში ჩამოვიდა ლეგენდაც!

პირველ რეპეტიციაზე ისე ვღელავდი, სადირიჟორო ჯოხი ვერც კი დავიჭირე, შემეშინდა ხელიდან არ გამვარდნოდა… რეპეტიციაზე მისმა არანორმალურმა პროფესიონალიზმმა და ორკესტრის სიღრმისეულმა ცოდნამ მთლად გადამრია მეც და ჩემი კოლეგებიც.

მერე ჩატარდა 2 დაუვიწყარი კონცერტი ოპერასა და ფილარმონიაში. ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენი თანხლებით. ერთ დილას ვიდრე აქ იყო სასტუმროდან ჩუმად გაეპარა აურაცხელ დაცვას, ბევრი ისეირნა, მრალ ხიდზეც მოხვდა და უბრალოდ ქუჩაში ხელის დაქნევით გაჩერებული ტაქსითაც იმგზავრა… ქართული ხალხური მრავალხმიანობით აღფრთოვანდა და გაემგზავრა…

ჰოდა დღეს ამ დიდი ხელოვანის დაბადების დღეა, რამაც მომანდომა ამ ამბების თქვენთვის გაზიარება“. – წერს ნიკოლოზ რაჭველისოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები